თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მარიამ გიგაურმა მიმართა, მოსამართლემ კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორის თქმით, 2019 წლის 20 ივნისს, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. მისივე განცხადებით, შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით, ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის, ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გაუგონარი ბრალი ედება არარსებული მტკიცებულებების საფუძველზე. გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას თქმით, პროკურატურა არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე შური იძიოს.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ასევე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ორ საქმეზე – 20 ივნისის აქციის დარბევასა და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე დაიწყო.
პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
ფოტო: ინტერპრესნიუსი
