მრავალი საერთაშორისო თუ რესპუბლიკური კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლე, ფონდ „იავნანას“ სტიპენდიატი, ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, გიორგი გიგაშვილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებული გახდა.
გიორგი გიგაშვილმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე INTERNATIONAL PIANO COMPETITION ¨CITY OF VIGO¨ მოიპოვა I პრემია, ლაურეატის წოდება და სპეციალური პრიზი , რომელიც დააწესა ცნობილმა პიანისტმა ნელსონ ფრეირმა – გიორგი გამართავს კონცერტს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში.
გიორგი გიგაშვილს I პრემია ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო შემსრულებელმა, გენიალურმა არგენტინელმა პიანისტმა მარტა არგერიხმა პირადად გადასცა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახლდათ.



