LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გოგშელიძეს ოლიმპიური ვერცხლის მედალი გადაეცემა, ცირეკიძეს შედეგები გააუქმეს

133

თავისუფალი სტილის მოჭიდავეს გიორგი გოგშელიძეს 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი გადაეცემა, შესაბამისად კი – პეკინში მიღებული ბრინჯაოს მედლის დაბრუნება მოუწევს.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW), რომელმაც გაითვალისწინა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) დოპინგტესტების შედეგები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები. ამ დოკუმენტების მიხედვით, 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე და ფინალში გასულ თაიმურაზ თიგიევს (ყაზახეთი) განმეორებით სინჯშიც აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის – ტურინაბოლის კვალი.

არსებული წესების თანახმად, პეკინში თიგიევის მიერ ნაჩვენები შედეგი ანულირებულია. შესაბამისად, ბრინჯაოსან გიორგი გოგშელიძეს, რომელიც ნახევარფინალში სწორედ თიგიევთან დამარცხდა, მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მიენიჭა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს მიიღებს მეხუთეადგილოსანი მიშელ ბატისტა (კუბა), რომელმაც სამედლო ბრძოლა გოგშელიძესთან წააგო.

ასევე გადაისინჯება პეკინის ოლიმპიადის შედეგები თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის კიდევ რამდენიმე წონით კატეგორიაში.


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართველ ძალოსანს, რაულ ცირეკიძეს დოპინგის მოხმარებისთვის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები შედეგი გაუუქმა. ცირეკიძემ 85 კგ. წონით კატეგორიაში 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მე-9 ადგილი დაიკავა. sportall.ge ინფორმაციით, ხელახალმა დოპინგ-კონტროლმა მის სინჯში ტურინაბოლისა და სტანოზოლოლის კვალი აღმოაჩინა. ორივე მედიკამენტი აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიაშია შეტანილი.

ცნობისთვის, რაული ცირეკიძე 2012 წლის ევროპის ჩემპიონია. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის წინ ძალოსანი ნაკრებში ირიცხებოდა, თუმცა ბოლო მომენტში ის გიორგი ჩხეიძემ შეცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g