LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეპულაძე: “ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილება უნდა მიეღო ცუდსა და უარესს შორის”

190
20190415221932-2021-03-12-13-01-44-933597

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაზარდა, რის შედეგადაც, 170 000-მდე მსესხებელს სესხი ავტომატურად გაეზრდება. პროცენტი გაეზრდებათ მათ, ვისი სესხიც არის აღებული ლარში და, ხელშეკრულების მიხედვით, მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასევე, გაიზრდება საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში გასაცემ სესხებზეც.

ამასთან, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცენტრალური ბანკი უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებით ხსნის.

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა.

რამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე თქვენი ინფორმაციით და ზოგადად როგორ აფასებთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ სებ-ის გადაწყვეტილებას, რა გავლენას იქონიებს ეს უშუალოდ მომხმარებელზე ?

„1-ელი ნოემბრის მონაცემებით, არის 169 700 სესხი მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე, რაც გულისხმობ, რომ ამავე რაოდენობის სესხზე გაიზრდება საპროცენტო განაკვეთი, რადგან ეს სესხები ხელშეკრულებით მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე.

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება შემცირება ან გაზრდა თავისთავად იწვევს საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას.

რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ინფლაციური მოლოდინებიდან გამომდინარე.

მოგეხსენებათ, საშუალო ინფლაცია ნოემბრის თვეში გვაქვს 12,5%, თუმცა გაცილებით მეტად გაძვირდა სურსათი, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები, საწვავი და ეს ტენდენცია მომავალშიც რომ არ გაგრძელდეს და მომავალ წელსაც რომ არ გვქონდეს მაღალი ინფლაცია, ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილება უნდა მიეღო ცუდსა და უარესს შორის.

მათ სხვა ბერკეტი გარდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდის ამ ეტაპზე არ ჰქონდა.

იმედია, რომ ეს გადაწყვეტილება შედეგს გამოიღებს და მომავალ წელს, უკვე გაზაფხულიდან ინფლაცია დაიწყებს შემცირებას.

სხვადასხვა მოლოდინებია, მოგეხსენებათ ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება პანდემიის პირობებში და საქართველოს ტიპის ეკონომიკის ქვეყანაში, ძალიან რთულია წინასწარ, თუნდაც 1 თვით ადრე, თქვა რა იქნება, ეს მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა ეს დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იქნება საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა მოხმარების პროდუქტის ფასები, როგორიც არის სურსათი, საწვავი, ხორბალი, შაქარი.

შესაბამისად მათი ფასი ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ინფლაციაზეც.

ეროვნული ბანკის და მთავრობის კოორდინირებული მუშაობა არის აუცილებელი, იმისთვის, რომ ეს ინფლაციური პროცესები არ გაგრძელდეს.

მესმის, რომ ფინანსური სტაბილურობა და ინფლაციის მონიტორინგი არის ეროვნული ბანკის მისია, კონსტიტუციურად განსაზღვრული, თუმცა ამ შემთხვევაში მთავრობასაც საკმაოდ დიდი როლი აქვს, რადგან მისი გადაწყვეტილებები ხშირად დადებითად ან უარყოფითად აისახება ჩვენს ხარჯებზე და შემოსავლებზე.“

ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ ეროვნულმა ბანკმა 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აკრძალა. 

ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს შეამციროს ახალი იპოთეკების ის წილი, რომელიც 10-15 წლამდე ვადით იქნებოდა აღებული.

როგორ აფასებთ სებ-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას, არის თუ არა ეს ლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელება და ამასთან, საინტერესოა, სესხების ვადის 15-დან 10 წლამდე შემცირება უცხოურ ვალუტაში სესხებს რამდენად გააძვირებს?

„კომერციულმა ბანკებმა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს 15 წლამდე იპოთეკური სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში. თუ ჩვენ 15 წლით ვიღებთ სესხს ყოველწლიური გადასახადი გვიწევს ნაკლები, მაგრამ საბოლოო ჯამში სესხის სასარგებლოდ ვიხდით მეტს. თუ გვაქვს ათწლიანი ანუ ნაკლები ვადით, ყოველთვიური გადასახადი მეტია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვიხდით ნაკლებს ამიტომ ეს არის სესხების შემოსავალზე და მის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული რა ურჩევნია – უფრო მოკლე ვადით აიღოს და ცოტა მეტი იხადოს ყოველწლიურად, მაგრამ საბოლოო ჯამში ნაკლები, თუ უფრო დიდ ვადებში, ყოველთვიურ გადასახადში ისე ჩასვას ეს სესხის ვადა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნას.

რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, სიმართლე გითხრათ, მე დიდი სიხარულით არ შევხვედრივარ, რადგან არ მიყვარს ხელოვნური ჩარევები. ზოგადად რეგულატორი იმისთვისაა, რომ ესენი განახორციელოს, თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად შედეგიანი იქნება.

ლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებაა ანუ ეროვნულ ბანკს უნდა, რომ დოლარიზაცია შემცირდეს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვინაიდან ძალიან ბევრ ადამიანს სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული, მაგრამ შემოსავალი აქვთ ლარში. თუმცა, მეეჭვება, რომ ამან რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინოს ამ მიმართულებით, უფრო უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე დადებითი,“-აღნიშნა გიორგი კეპულაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g