მთავრობას ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის წახალისებისა და პრივატიზაციის მიმართულებით შეეძლო მეტი გაეკეთებინა, რაც ლარის კურსზეც დადებითად აისახებოდა – ამის შესახებ “ფორტუნას” არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ლარის რეკორდული გაუფასურება ბაზარზე არსებულ უარყოფით მოვლენებს უკავშირდება.
,,პარალელების გავლება შეიძლება ლარის 1999 წლის რეკორდულ გაუფასურებასთან. მაშინ საქართველოში მკვეთრი გაუფასურება რუსეთში ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია. საქართველო დამოკიდებული იყო რუსეთის ეკონომიკაზე და ის დღესაც ჩვენი ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი ქართულ ეკონომიკაზეც მოქმედებს. ლარი კი იმას ასახავს, რაც ქართულ ეკონომიკაში ხდება”, – მიიჩნევს კეპულაძე.
,,საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელის აზრით, მოსაძებნია ახალი საექსპორტო ბაზრები, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს და ქვეყანას შედარებით სტაბილური სავაჭრო პარტნიორები ჰყავდეს.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების გაყიდვას, კეპულაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა სწორი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ამან შეიძლება საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი პანიკა გამოიწვიოს.
,,ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების გაყიდვასთან დაკავშირებით, მე ბევრი კითხვის ნიშანი არ მიჩნდება. თუმცა ბაზრის დასამშვიდებლად მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ერთობლივი განცხადებები მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არ ემუქრება საფრთხე და რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”, – მიიჩნევს გიორგი კეპულაძე.
შეგახსენებთ, რომ ლარის კურსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. გასულ პარასკევს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარის კურსის ვარდის შეჩერება ვერ შეძლო – ეროვნული ბანკის მონაცემებით, სავალუტო აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4705 შეადგინა.