LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: უნდა დავძლიოთ პოლარიზაცია და მივაღწიოთ კონსენსუსს ბიზნესსაზოგადოებას შორის

41

ჩვენ უნდა დავძლიოთ პოლარიზაცია და მივაღწიოთ კონსენსუსს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შორის, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერი ამერიკის სავაჭრო პალატის მის გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო, რომელზეც ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მათ ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების დღის წესრიგი გააცნო.

„ჩვენი მიზანია საქართველოს განვითარება და მისი ევროპულ ქვეყანად ჩამოყალიბება, რომელსაც აქვს ევროპული კანონები და რეგულაციები, ნაკლები ბიუროკრატია, მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა, დაბალი ფასები ენერგორესურსებზე და რასაკვირველია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ევროკავშირთან.  ახლახან ჩვენ დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთთან. იმედია, წლის ბოლომდე მივაღწევთ წარმატებას ამ მხრივ. ყოველივე ზემოთქმულის წყალობით, საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა რეგიონში” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესასხმელად.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება მუშაობს 4–პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე. საქართველოს მთავრობამ უკვე განიხილა და მოიწონა მოგების გადასახადების გაუქმების ინიციატივა (ესტონური მოდელი), რაც გაზრდის კომპანიების ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს რეინვესტირებას.

„რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ გავატარებთ გადასახადების ადმინისტრირების რეფორმას, რათა ეს სისტემა მომხმარებელზე იყოს ორიენტირებული. საგადასახადო ინსპექტირება განხორციელდება მკაცრად დადგენილ ვადებში და მას განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო უწყება. ხოლო, ანგარიშების დაყადაღება განხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. გარდა ამისა, დღგ მოიხსნება იმპორტირებულ ტექნიკაზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური დარღვევების დეკრიმინალიზაციაზე. ჩვენი რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილია დამწყები ბიზნესის მხარდაჭერა. საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მაგრამ ახალგაზრდების წარმოდგენაში პოსტსაბჭოთა აზროვნება მაინც არსებობს. ახალგაზრდები საჭიროებენ ბიზნესზე ორიენტირებულ ცოდნას. ამის მაგალითია ტექნოლოგიური პარკი, რომელიც დაეხმარება მათ ბიზნესზე ყურადღების გამახვილებაში. ამ პარკს ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ახალგაზრდების დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად,“ – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რეფორმების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს სახელისუფლებლო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ე.წ ფრონტ–ოფისის შექმნაზე, რომელიც ერთი ფანჯრის სისტემით მიაწვდის საჯარო მომსახურებას იურიდიულ და კერძო პირებს.

„რეფორმების დღის წესრიგის კიდევ ერთი ბლოკი მოიცავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას. მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, ასევე სხვა გზატკეცილების მშენებლობა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს აკავშირებს ერთმანეთთან და მეზობელ ქვეყნებთან, უფრო დაჩქარებული ტემპით განხორციელდება. ასევე დაჩქარდება სხვა პროექტების განხორციელება. მეოთხე ბლოკი კი ეხება განათლებას, ლაპარაკია გერმანული მოდელის შემოღებაზე,“ – განაცხადა  პრემიერმა.

პრემიერის თქმით, რეფორმები წარმატებული ვერ იქნება კერძო სექტორისა და ბიზნესსაზოგადოების მხარდაჭერის გარეშე. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის სავაჭრო პალატას და მის პრეზიდენტ სარა ვილიამსონს თანამშრომლობისთვის.

mazda magti 5g