პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა, გიორგი მსხილაძემ განუცხადა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენეს საკითხი, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ დარეგისტრირებულიყო და შეწყვეტილიყო მასზე საუბარი, „რისი პირობაც შარშან დაიდო”.
„ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთაც აღნიშნეს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტებში განხილვა.
ზოგადად, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარ დაბრუნდებოდა.
პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს”,- განაცხადა მსხილაძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი – ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ პროექტი და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – „გრანტების შესახებ“ კანონსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები.
ბიუროს გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი, ალტერნატიულ კანონპროექტებთან ერთად, განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის სხდომა 12 აპრილს გაიმართება.