„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ის, რაც ევროკავშირის ოფისთან მოხდა, არის ძალიან მძიმე და უმსგავსო ქმედებები. მისი თქმით, არასწორია, „როდესაც შენს აქტივისტებს მიიყვან და გინდა დაძაბო სიტუაცია.“
„მე პირადად არ მგონია, რომ სწორია ოპოზიციის ლიდერის გუშინდელი ქმედება, ასეთ ქმედებას პოლიტიკაში ნამდვილად არ მივესალმები,“ – განაცხადა ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გუშინ მომხდარი ინციდენტის შეფასებისას.
მისი თქმით, ეს არის ვითარება, სადაც დაჭრა, გატაცება ხდება სტანდარტი და დაპირისპირებამ სრულიად სხვა განზომილება შეიძინა.
„ჩვენ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მაგრამ მეორე, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს უკიდეგანოდ უსამართლო ვითარება ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.
უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები თავ-პირის მტვრევა არ იყოს, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ იყოს არც ერთი ქმედება დაუსჯელი, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე შეფასებით, ის, რაც ახლა ხდება, ეს არის უმძიმესი რამ და „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ ძალადობით ცდილობს, რომ არჩევნების შედეგი გაიფორმოს.
„უნდა გვესმოდეს, რომ გარემო საარჩევნო თვალსაზრისით ძალიან მძიმეა. ამიტომ მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, ვისაც ამ ძალადობისკენ ახალისებს საკუთარი პოლიტიკური ლიდერები, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, ძალადობისგან შევიკავოთ თავი და არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.