ქართველი ემიგრანტის შვილმა, გიორგი ვენკომ წარმატებით დაასრულა მასპინძლობის მენეჯმენტისა და ტურიზმის სფეროში მსოფლიოს N1 უნივერსიტეტი, EHL Hospitality Business School-ის ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა და საერთაშორისო მასპინძლობის მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.
განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა გამოსამშვიდობებელი სიტყვა, რომლითაც დედით ქართველმა კურსდამთავრებულმა, თანაკურსელების სახელით სადიპლომო ცერემონიაზე 3000 კაციან აუდიტორიას მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი ვენკოს დედა, თინათინ სვანიძე-ვენკო ავრცელებს და შვილს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს:
„ეს საოცარი დღეც დადგა – ჩემმა უფროსმა ბიჭმა, გიორგიმ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი შვეიცარიის EHL დაამთავრა! როგორც წარმატებულ კურსდამთავრებულს მხოლოდ მას და მის ერთ მეგობარს ჰქონდათ პატივი, მიემართათ სიტყვით 3000 კაციანი აუდიტორიისთვის!
„მადლობა ჩემს ოჯახს, მშობლებს, რომ იქამდე სჯეროდათ ჩემი, სანამ მე თავად დავიჯერებდი! – თქვა ტრიბუნაზე მდგარმა გიორგიმ თითქმის ათწუთიანი სიტყვის დასასრულს და მეც ვეღარ შევძელი ცრემლების შეკავება და სიამაყისა და სიხარულისგან პატარა ბავშვივით ავტირდი. ეს რა დიდებული ემოცია ყოფილა, როცა საკუთარი შვილის ასეთი წარმატებით შეგიძლია იბედნიერო! გამოიღო კიდევ ერთი დიდი ნაყოფი იმ შრომამ და სიყვარულმა, რაც ჩვენი შვილების აღზრდაში ჩავდეთ“, – წერს სოციალურ ქსელში თინათინ სვანიძე-ვენკო.
გიორგიმ უკვე მიიღო მუდმივი სამუშაოს შეთავაზება Mandarin Oriental Amsterdam-ში, სადაც 17 აგვისტოდან დაიწყებს საერთაშორისო კარიერას მასპინძლობის სფეროში.

როგორც ცნობილია, შთამბეჭდავი მიღწევების გარდა გიორგი ვენკო პატარა ასაკიდან არის დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით. 12 წლის იყო, როდესაც ნიდერლანდებში დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია „დაეხმარე საქართველოს“, რომლის მიზანი საქართველოში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება იყო. სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიის, საზოგადოებრივი ღონისძიებებისა და ნიდერლანდებში მცხოვრებლების მხარდაჭერის შედეგად, მან რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით 60 000 ევრო მოიზიდა. მოძიებული თანხა მოხმარდა „სათნოების სახლს“ – საცხოვრებელ დაწესებულებას, სადაც ცხოვრობენ შშმ პირები, ქალაქ წნორში, კახეთის რეგიონში.
