LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი“ დღეს „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს“ გამართავს

86

პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ დღეს „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს“ გეგმავს.

„მივაღწიეთ იმას, რომ მსოფლიოში პირველად ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ კანაფის მოხმარება ადამიანის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა. თუმცა ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ესმით არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში და არც საპატრიარქოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში კანაფის ლეგალიზაცია არ მომხდარა, უბრალოდ მოგვეჩვენა. მეტიც, კამპანია აქვთ წამოწყებული და ქვეყნის კონსტიტუციური მოდელის ცვლილებას ითხოვენ, ოღონდ ჩვენ თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა არ მოგვცენ. სასამართლომ თქვა, რომ კანაფის მოხმარება არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი. ეს უფლება ჩვენთვის არავის მოუნიჭებია, ის გვაქვს ბუნებრივად, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ“, – აცხადებენ „გირჩში“ და აღნიშნავენ, რომ ფესტივალზე დედაენის ბაღში ერთად იმსჯელებენ, რათა, მათი მტკიცებით, სწორად განმარტონ სასამართლოს გადაწყვეტილება.

„გირჩის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი გაიმართება Flea Market-ის ტრადიციებით. პარტიის წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, დედა-ენის ბაღში მისული ხალხი, მათ შორის ტურისტებიც მარიხუანის ყიდვასა და მოხმარებას თავისუფლად შეძლებენ.

„ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ, იყიდონ და გაყიდონ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კანაფთან; მიირთვან საჭმელი და გამაგრილებელი და არც ისე გამაგრილებელი სასმელები; ნახონ მეგობრები და ნაცნობები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტში მონაწილეობის გარდა, უბრალოდ, კარგად გაატარონ დრო“, – აღნიშნულია „გირჩის“ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. კანონით ასევე ისჯება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ორგანიზება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები