გირჩი TV იყო კრიტიკულ ზღვარზე, როცა შეიძლებოდა, დახურვამდე მისულიყო, მაგაში დაგვხმარებია კეზერაშვილი, რომ უბრალოდ, არ დახურულიყო. აქ არ არის საუბარი პარტიის დაფინანსებაზე, – აღნიშნულის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე TV პირველის ეთერში აცხადებს.
მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც კეზერაშვილს დახმარება შეუთავაზებია, თუმცა ყოველთვის უარს აცხადებდა.
„დავით კეზერაშვილი გავიცანი 2014 წელს, ცოცხლად მყავს ნანახი ორჯერ, მათ შორის, ერთხელ კახა ბენდუქიძესთან ვიყავით ჩასული სანახავად, სანამ გარდაიცვლებოდა და ისე მოხდა, რომ ერთ საღამოს ყველა ერთად შევიყარეთ.
მეტი ფიზიკურად კონტაქტი არ მქონია, თუმცა, გარკვეული კომუნიკაცია ძალიან დიდი ინტერვალებით მქონდა ხოლმე. როგორც წესი, ეს კომუნიკაცია იყო, რომ მას აინტერესებდა, მე როგორ ვუყურებ იმ მომენტში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და რას ვფიქრობ, რა არის გამოსავალი. ეგ იყო და ეგ.
ჩემი დამოკიდებულება მისდამი წლებია, არ შეცვლილა, მათ შორის, ჩემი ეს დამოკიდებულება სანამ ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, მაშინ ჩამომიყალიბდა. მასთან კითხვები არის დაკავშირებული ერთი – ე.წ ბიზნესდავებთან, რომ კეზერაშვილი ახევდა ვიღაცებს ბიზნესებს და ასეთი ისტორიები მომისმენია არამარტო სხვადასხვა პარტიისგან, არამედ, ცოცხალი ადამიანებისგანაც და მეორე – როგორ იშოვა მილიონები, როცა თავდაცვის სამინისტროდან წავიდა ასე ძალიან სწრაფად.
ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ნაცმოძრაობაში მისვლამდეც, მერეც და დღესაც არის იგივე, რომ ამ კითხვებზე კეზერაშვილმა უნდა გასცეს პასუხი ნორმალური სასამართლოს პირობებში. თუ ხალხი არსებობს, ვინც მას ბიზნესდავებზე ჩივის, გაურკვეველია, რატომ არ მიდის ეს დავები და რატომ არ გამოაქვს მურუსიძის სასამართლოს კეზერაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაუგებარია, ნებისმიერ შემთხვევაში ამ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.
მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა, მე მქონდა მასთან კომუნიკაცია, ის დამხმარებია ფინანსურად, დამხმარებია მე რაღაც კონკრეტულ მომენტებში, იყო ეგეთი შემთხვევები. ეს იყო გირჩი-მეტი თავისუფლების პერიოდში. გირჩშიც შეიძლება იყო, მაგრამ პირდაპირ არ იყო, შეიძლება იყო ეგეთი რაღაცა, მაგრამ მე არ ვიცოდე, მაგრამ გირჩი-მეტი თავისუფლების შემთხვევაში ეგეთი შემთხვევები იყო, როცა გვქონდა რამდენიმე კრიტიკული მომენტი, როცა ის რაღაცაში დაგვხმარებია. ყოფილა შემთხვევები, როცა მას თვითონ შემოუთავაზებია, ძირითადად, ეს ხდებოდა არჩევნების წინ – ზურა, ხომ არ გჭირდება რამეში ჩემი დახმარება? მე მითქვამს, რომ არა…
ფინანსურ დახმარებაზეა, ცხადია, საუბარი. ეს იყო კონკრეტული ამბები, როცა კონკრეტულ რაღაცებში დამხმარებია, მათ შორის, ერთ-ერთი – გირჩი TV იყო კრიტიკულ ზღვარზე, როცა შეიძლებოდა, დახურვამდე მისულიყო, მაგაში დაგვხმარებია, რომ უბრალოდ, არ დახურულიყო. აქ არ არის საუბარი პარტიის დაფინანსებაზე, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, არცერთი.
არც პარტიის დაფინანსებაზე საუბარი, არც კამპანიის დაფინანსებაზე, არც რაღაცა გრანდიოზულ თანხებზე აქ არ არის საუბარი. რამდენადაც ვიცი, ეგეთ რაღაცებს ეს ადამიანი აკეთებდა, ოღონდ აკეთებდა სხვა პარტიებთან მიმართებით, ჩემთან მიმართებით ეს არ მომხდარა და სავარაუდოდ, არც არასოდეს არ მოხდება”, – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, BBC-მ ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოაქვეყნა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი დავით კეზერაშვილია დასახელებული. BBC- ის ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. BBC-ის ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. როგორც BBC წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ.
„BBC-ის ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „მილტონის ჯგუფსა“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. „ბიბისიმ“ აღნიშნული გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ბენიმინი ოფშორულ კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ. ამასთან, BBC წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან.
ამავე თემაზე:
„რისი სუსია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი „ქოლ-ცენტრი“, სადღაც კორპუსში და ამას ვერ ატყობდა? მაშინ ახლავე უნდა წავიდნენ ციხეში“ – გოცირიძე