BBC-ს საგამოძიებო სტატიას თაღლითურ სქემაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული, ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმიანება.
„ევროპულ სასამართლოში თუ ვიღაცამ საქმე აღძრა ან ვიღაცას უჩივლა, ევროპული სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლო არ არის. ათასობით ჟურნალისტური გამოძიება ტარდება და თუ ამას რეალური საფუძველი აქვს, საკითხი სასამართლოში გადადის. ასეა ცივილიზებულ ქვეყნებში.
შეიძლება ჟურნალისტმა დაწეროს არასწორი რაღაც და მეორე მხარემ უჩივლოს და ისიც სასამართლოში წავიდეს. მე რა საკითხზეც მეკითხებით, არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერი სიუჟეტი „ბიბისის“ დონის ტელევიზიაში, თუ ის არის შეცდომა და ცილისმწამებლური, ან ბოდიშს მოიხდიან, ან სასამართლოში ჯარიმას გადაახდევინებენ.
საბოლოო სამართლებრივ შეფასებას მაშინ მივცემ ამას, თუ სასამართლოს ვერდიქტი იქნება. გამორიცხული არ არის, პირიქით, „ბიბისის“ იქით უჩივლონ. უამრავი ასეთი შემთხვევა მომხდარა.
საქართველოში რომ კეზერაშვილს „ქოლ-ცენტრი“ დაეფუძნებინა, ეს სუსმა არ იცოდა? ჩვენი სუსი 130 მილიონს ისე ჭამს და ხრავს, ერთი აგენტი არ გამოუვლენია, რისი სუსია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი „ქოლ-ცენტრი“, სადღაც კორპუსში და ამას საქართველოს მთავრობა, ჩვენი უშიშროება და პოლიცია ვერ ატყობდა?
მაშინ ახლავე უნდა წავიდნენ ციხეში. სად არის ერთი მტკიცებულება? რაიმე მტკიცებულება თბილისში არსებულ „ქოლ–ცენტრთან“ დაკავშირებით რომ ჰქონდეთ კეზერაშვილის საწინააღმდეგოდ, ეს ხელისუფლება ამას დამალავდა?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისათვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.
ამავე თემაზე: