LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლობალური დათბობის გამო დედამიწა უფრო ნელა ბრუნავს, რაზე ახდენს გავლენას?

129
art002e023506large-1920x1200

გლობალური დათბობის ფონზე დედამიწის ბრუნვის სიჩქარე ნელდება და დღეების ხანგრძლივობა იზრდება – ამის შესახებ ვენის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ. მკვლევრების შეფასებით, მსგავსი ტემპის ცვლილება პლანეტას მილიონობით წლის განმავლობაში არ განუცდია.

მეცნიერების თქმით, მთავარი მიზეზი მყინვარების დნობაა. როდესაც გრენლანდიის, ანტარქტიდისა და მთის მყინვარების უზარმაზარი ყინულის მასები დნება, წყალი პოლუსებიდან ეკვატორის მიმართულებით გადაადგილდება, რაც დედამიწაზე მასის განაწილებას ცვლის და პლანეტის ბრუნვას ანელებს.

კვლევის ავტორები პროცესს მოციგურავის მაგალითს ადარებენ – როდესაც სპორტსმენი ხელებს შლის, მისი ბრუნვის სიჩქარე მცირდება. მკვლევრების თქმით, ანალოგიური ეფექტი ახლა დედამიწაზეც ფიქსირდება.

ამ დროისთვის ცვლილება მხოლოდ მილი/წამებში იზომება და ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუმჩნეველია, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ მაღალტექნოლოგიური სისტემებისთვის ასეთ უმცირეს ცვლილებებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

მათი შეფასებით, მომდევნო 100 წლის განმავლობაში დღე დაახლოებით 1.33 მილი/წამით გახანგრძლივდება, ხოლო თუ კლიმატის ცვლილება იმავე ტემპით გაგრძელდა, საუკუნის ბოლოს ეს მაჩვენებელი შესაძლოა 2.62 მილი/წამამდე გაიზარდოს.

მკვლევრები აფრთხილებენ, რომ დროის სიზუსტეზე დამოკიდებული სისტემები – GPS, სატელიტური ნავიგაცია, ავიაცია, ინტერნეტი, მობილური კავშირი და ფინანსური პლატფორმები – მსგავსი ცვლილებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

მათივე თქმით, დროის სინქრონიზაციის უმცირესმა დარღვევამაც კი შესაძლოა გავლენა მოახდინოს მონაცემთა გადაცემაზე, ენერგოსისტემების კოორდინაციაზე და საერთაშორისო ფინანსური ოპერაციების დამუშავებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები