„როგორ მოახერხეთ, 400 000 “ფაიზერის” ვაქცინის განადგურება? როგორ მოახერხეთ, ის რომ ვადა გაუვიდა ვაქცინებს და 25 მილიონი ლარი აზარალეთ სახელმწიფოს?“ – ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს, რომელსაც ამ წუთებში პარლამენტში კითხვა-პასუხის რეჟიმში უსმენენ.
გოცირიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანას შეეძლო აუთვისებელი ვაქცინები სხვა ქვეყნისთვის მაინც ეჩუქებინა.
„რატომ არ ვაჩუქეთ ბოლოს და ბოლოს ვინმე სხვას? ან აფრიკაში ან აზიაში…
ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდით.
ვინ დაისაჯა? ვინ არის ამ ფაქტზე პასუხისმგებელი?“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მეორე კითხვა, რითაც გოცირიძემ აზარაშვილს მიმართა ტრანსპორტში პირბადის გამოყენებას ეხებოდა.
„თქვენ ალბათ ავტობუსებით არ დადიხართ, მაგრამ საცობით გაჭედილ ქალაქში რომ წახვალთ სახლში, გაიხედეთ მარცხნივ და შეხედეთ ავტობუსში რამდენ ადამიანს უკეთია პირბადე.
რატომ ნერგავთ სამართლებრივ ნიჰილიზმს?
რატომ აჩვევთ ადამიანებს კანონის დარღვევას?
იცოდნენ ადამიანებმა, რომ არ არის პირბადის ტარება საჭირო და კანონს მაინც სცემენ პატივს“ – განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძემ ჯანდაცვის მინისტრთან კითხვებით მიმართვის დროს ასევე აღნიშნა, მთავრობამ პანდემიის პროცესში მთელი კამპანია კანონდარღვევებით აწარმოა, მოქალაქეებს კი არ აჯარიმებდნენ, იმის გამო, რომ „საარჩევნო ხმებზე ნადირობდნენ“.
თქვენი „ანტივაქსერი“ მთავრობის შედეგია ის, რომ 16 800 ადამიანი მოკვდა. მთელი ეს კამპანია პანდემიის პროცესში კანონდარღვევებით აწარმოეთ, არ აჯარიმებდით იმის გამო, რომ საარჩევნო ხმებზე ნადირობდით. თუ არ შეგიძლიათ მართვა და თუ მართლა უნიათოები გქვიათ, რომელსაც გეძახდნენ ადრე, გააუქმეთ ეს და იცოდეს იმ ადამიანმა, რომ არ არის პირბადის ტარება საჭირო და კანონს მაინც ვცემთ პასუხს. და ბოლოს, ყველაზე ცუდად მართა პანდემია საქართველოში მთავრობამ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროცენტი იყო ჰოსპიტალიზაციის, სანამ „ომიკრონის“ შტამი შემოვიდოდა ყოველი ინფიცირებული 10-დან 2 კლინიკაში ხვდებოდა და ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. რამდენი ჯდებოდა ერთი ადამიანის მკურნალობა სტაციონარში და რა დაუჯდა ეს ქვეყანას?“, – აღნიშნა გოცირიძემ.
