LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომის მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბელარუსი ტურისტები საავადმყოფოებში რჩებიან – როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

114
გომის მთა

12 აგვისტოს, ღამით, გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბელარუსი ტურისტები საავადმყოფოებში რჩებიან.

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სულ 17 მგზავრი დაშავდა – ყველა მათგანი ბელარუსის მოქალაქეა

პაციენტები მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ჩოხატაურის, ზუგდიდის და ქობულეთის კლინიკებში აგრძელებენ.

როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, გია კიკაბიძემ განაცხადა, ამ დროისთვის ბათუმის კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში ორი პირი რჩება.

„გუშინ საღამოს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გაეწერა, რომელიც ჩოხატაურში გადავიდა. მისი მეუღლე ჩოხატაურის კლინიკაშია მოთავსებული. ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. შესაძლოა, მათი გაწერა მოხდეს, თუმცა მათი მშობლები კლინიკაში არიან და ამ საკითხს საელჩო მოაგვარებს. როგორც იცით, ელჩიც ჩამოვიდა და ეს ყველაფერი საელჩოს საქმეა. პაციენტები კლინიკაში, ალბათ, ორშაბათამდე დარჩებიან. მათზე დაკვირვება მიმდინარეობს“, – თქვა გია კიკაბიძემ.

როგორც ჩოხატაურის კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, პაციენტებს დაჟეჟილობები აღენიშნებათ, სერიოზული პათოლოგია კი არ გამოვლენილა. მათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და კვლევები ჩაუტარდათ.

„ორი ქალი და ერთი მამაკაცია მოთავსებული, თავს კარგად გრძნობენ, 40 წლამდე ასაკის არიან. მათ დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ჩვენს კლინიკაში ყველა სამედიცინო პროცედურა და კვლევა ჩაუტარდათ, სერიოზული პათოლოგია არ აღენიშნებათ. დღის მეორე ნახევარში კლინიკას დატოვებენ“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში.

„6 პაციენტი პედიატრიული ასაკის არის“… „საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა, ახლახან დაოჯახდა, თანამედროვე მიკროავტობუსი ჰყავდა“ – როგორია გომის მთაზე დაშავებულების მდგომარეობა და რას ჰყვებიან ადგილობრივები მომხდარ ტრაგედიაზე

ცნობისათვის, 12 აგვისტოს, ღამით, გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. გარდაცვლილები ბელორუსიის მოქალაქეები არიან.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

გომის მთაზე ავარიის დროს დაშავებული მძღოლი კლინიკაში საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – მას კლინიკიდან გაწერის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ

ფოტო სლაიდზე: „ბათუმელები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები