საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „90-იანი წლების“ სახელით ცნობილ პერიოდში ცხოვრება განსაკუთრებით გაჭირდა. პურის რიგით დაწყებული, უხელფასოდ გატარებული დღეებით გაგრძელებული ფინანსური სიდუხჭირე ყოველ ოჯახს შეეხო. ამბობენ, მაშინ ხალხმა გასაყიდად გაიტანა ყველაფერი, საოჯახო რელიკვია თუ ელემენტარული ღირებულების მქონე ნივთები, რათა პურის ფული ეშოვაო. იმასაც ამბობენ, „შავი ბაზრით“ დაინტერესებულმა გადამყიდველებმა სამეგრელოში ფუტკრის უნიკალურ ჯიშს, გრძელხორთუმიან ფუტკარს თვალი დაადგეს და მეფუტკრეებს, ფუტკრის მასობრივი გაყვანის სანაცვლოდ, მსუყე თანხაც კი შესთავაზესო. ეს იყო შემთხვევა, როდესაც არც ერთ ოჯახს, არც ერთი სკა არ გაუხსნია და ფუტკარი ფულზე არ გადაუცვლია. გადმოცემით ცნობილია, რომ სამეგრელოს იმ მხარეში, ჩხოროწყუში, სადაც გრძელხორთუმიანი ფუტკრის სახეობა ბინადრობს, ყველა მოსახლემ პირი შეკრა, გაჭირვება მოითმინა და გრძელხორთუმიანი ფუტკარი მშობლიურ გარემოში შეინარჩუნა.
აი, ფუტკრის სწორედ ეს სახეობა გვაძლევს გამორჩეული გემოვნური თვისებებისა და არომატის მქონე „მუხურის თაფლს“.
მუხურელების მტკიცე ხასიათი იმასაც მოწმობს, რომ ეს ხალხი ფუტკრის სახით უძველეს კულტურას ინახავს, იმაზე ძველს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამას ადასტურებს ფუტკრის დალოცვა – წინაქრისტიანული გასაოცარი ტრადიცია, რომელსაც მეგრულად ჯარაგუნა ჰქვია. ჯა მეგრულად ხევს ნიშნავს, აგუნა ნაყოფიერების კოლხურ ღვთაებას. სიტყვის ეტიმოლოგია გვეუბნება, რომ მეფუტკრეები ნაყოფიერების ღვთაებას ფუტკარს შეავედრებდნენ. საუკუნეებია დალოცვის რიტუალი არ შეცვლილა. ტექსტი დღესაც კი ყველა მხცოვანმა მეფუტკრემ იცის, თუმცა მისი გამხელა აკრძალულია. მეფუტკრეებს შორის უხუცესი ყოველი წლის გაზაფხულზე, აღდგომიდან მეორმოცე დღეს ლოცვას იწყებს და სჯერა, რომ იმ წელს თაფლი უხვად ექნება. ასეც ხდება. რწმენას შედეგი მოაქვს და ჩხოროწყუს რეგიონი, ყოველ წელს, ამ უნიკალური თაფლის სახეობით მთელ საქართველოს ამარაგებს.
მუხურის თაფლის უნიკალურობას ადგილობრივი მრავალფეროვანი ფლორა განსაზღვრავს, განსაკუთრებით კი, ათამდე დასახელების თაფლოვანი მცენარეების არსებობა. გასათვალისწინებელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. ამას ემატება გრძელხორთუმიანი ფუტკრის უნიკალური ჯიში და საბოლოოდ ვიღებთ თაფლის იმდენად განსაკუთრებულ სახეობას, რომ მასზე დაკვირვებას მთელი მსოფლიო აწარმოებს.
მუხურის გრძელხორთუმიანი ფუტკრის სახეობამ მაღალი რეპუტაცია XX საუკუნის შუა წლებშიც მოიპოვა. მან მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე (1961-1965-1971 წლებში) უმაღლესი შეფასება სამჯერ მიიღო. მუხურის თაფლის მწარმოებელი მეგრული პოპულაციისთვის დამახასიათებელია რუხი ფერი, ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,15-7,25 მმ), ფეხებისა და ფრთების მეტი სიგრძე, თვინიერება, სუსტად გამოხატული ბუნებრივი ნაყრიანობა, ღალიანობის უფრო ეფექტიანად სარგებლობა, ბუდის აქტიურად დაცვა, ღალის წყაროს სხვაზე მალე პოვნა არახელსაყრელ პირობებშიც კი, ღალაზე მუშაობის უნარი, ზამთარში თაფლის მარაგის ეკონომიურად ხარჯვა, ბუდეში სისუფთავის დაცვა, წითელი სამყურას დამტვერვის შესაძლებლობა.
მუხურის თაფლის მისაღებად სკები განთავსებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის არეალში, ძირითადად, 300-დან 2200 მეტრის სიმაღლეზე, ფუტკრის ინფექციური დაავადებების მიმართ კეთილსაიმედო ადგილებში.
დასაშვებია საფუტკრის მთა-ბარობაც, ოღონდ მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ისე, რომ სხვა რეგიონში მიღებული თაფლი მუხურის თაფლს არ შეერიოს.
გეოგრაფიული აღნიშვნა „მუხურის თაფლი“ საქპატენტში 2022 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა.