LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გრძელვადიანი მშვიდობა მეტია, ვიდრე კონფლიქტის არარსებობა” – როგორ აღნიშნეს მშვიდობის საერთაშორისო დღე სოფელ რუხში

41
Untitled design

21 სექტემბერს მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით სამეგრელოს რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სოფელ რუხში გაემგზავრნენ და მოხუცთა თავშესაფარი „ჩემი მორდუ“ მოინახულეს.

გაეროს განვითარების პროგრამის ინფორმაციით, მშვიდობის დღის აღსანიშნავად, სახალხო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ქალები, ბავშვები, მცირე მეწარმეები და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლები დაესწრნენ.

„ღონისძიების მსვლელობაში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ჩატარდა, სადაც ადგილობრივი ოსტატებისა და ბავშვების ნაკეთობები იყო წარმოდგენილი. სტუმრებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა მოხუცთა თავშესაფრის კედლის მოხატვაში, რომელსაც მშვიდობისა და ერთიანობის თემაზე შექმნილი ფერადი კომპოზიცია დაამშვენებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მშვიდობის დღის ორგანიზატორები ორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რეგიონულ ინიციატივაში, EU4Dialogue-ში მონაწილეობს – ქალთა ორგანიზაცია „ხელები მშვიდობისთვის“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

ორივე ორგანიზაცია კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან მუშაობს, ხელს უწყობს მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი ცხოვრების მშენებლობას.

„ხელები მშვიდობისთვის“ კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს ეხმარება, ასწავლის ხელსაქმეს და ტრადიციულ და ინოვაციურ რეწვას, ხოლო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ხელს უწყობს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ადამიანური უსაფრთხოების გაზრდას.

„დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საქმეში კაცობრიობის საერთო ვალდებულებასა და მისწრაფებას გამოხატავს.

გრძელვადიანი მშვიდობა მეტია, ვიდრე კონფლიქტის არარსებობა. გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლია საზოგადოებას, რომელიც ყველა ადამიანს, მოხუცს თუ ახალგაზრდას, ქალსა თუ კაცს, თანასწორობის პრინციპების დაცვით ეპყრობა, და სადაც ყველას შეუძლია ერთად განიხილოს და გადაჭრას მათთვის საერთო საკითხები. სწორედ ამიტომ, UNDP აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან და ხელს უწყობს თაობათა შორის დიალოგს და სოციალური ერთიანობის მიღწევას“, – განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

ორგანიზაციის განცხადებით, EU4Dialogue ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული დაუცველი მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაზრდას, საარსებო წყაროს შექმნას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ახალგაზრდების ჩართულობას და კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g