„ჩვენ ახლა ვართ ატრაქციონთან, რომელიც 5 წლის წინ დაიდგა და რომელსაც არცერთი დღის განმავლობაში არ უმუშავია“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გრიგოლ გეგელიას სიტყვებით, „ატრაქციონები, რომელიც 800 ათასი ლარი დაჯდა, არცერთი დღის განმავლობაში არ ჩართულა და დაჟანგდა“.
„ეს ბაღი, ძალიან ლამაზი ადგილი, ძალიან კარგ და მაგარ ქალაქში არის „ქოცური“ არაკომპეტენტურობის, კორუფციის და ანტისოციალურობის ძალიან მკაფიო და ნათელი მაგალითი. ატრაქციონები, რომელიც დაჯდა 800 ათასი ლარი თქვენი ჯიბიდან, არცერთი დღის განმავლობაში არ ჩართულა.
ჯერ დაიდგა ატრაქციონები და შემდეგ დაიწყო პარკის რეაბილიტაცია, რომელმაც 3 წელი გასტანა და 12 მილიონი ლარი დაუჯდა თითოეულ ჩვენგანს. ამასობაში ყველას დაავიწყდა ატრაქციონებისთვის ყურადღების მიქცევა, რომელიც დაჟანგდა, ისევე როგორც ეს „ქოცური“ რეჟიმი არის დაჟანგებული და ჩამოქცევის პირას. ეს ატრაქციონები ჩვენს ბავშვებს და საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. ის, რაც 5 წლის წინ 800 ათას ლარად დაიდგა, არის პოტენციურად სიკვდილის მახე…
რამდენი ტრაგედია უნდა დატრიალდეს ამ ქვეყანაში, რამდენი ბავშვი უნდა დავკარგოთ სწორედ პარკებში, ორმოების გამო, არასწორი ელექტრობის გამო? რას უნდა დაველოდოთ მანამ, სანამ ფუნდამენტურად შევცვლით ჩვენს ქვეყანას, რომლის გარემო არ არის დაცული, რომლის შენობები არის ავარიული, ეკოლოგია არის უმძიმეს მდგომარეობაში, სადაც არის ნარკოპანდემია, ტოტალური დაუცველობა მოქალაქეების, სადაც არავის გააჩნია სიმშვიდე, უსაფრთხოება და მომავლის რაიმე პერსპექტივა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.