ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ამასთან, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ.
„კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა.
გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს უსმენს. ლილუაშვილი პარლამენტში სუს-ის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარსადგენად მივიდა.