LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში, ერთის გარდა ყველა სათხილამური ტრასა ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს

89

გუდაურში, ერთის გარდა ყველა სათხილამური ტრასა ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, – ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ საღამოს ყველა ტრასა პირადად შეამოწმა და ე.წ. ღამის სრიალი, რომელიც 20:00-დან 22:00 საათამდე მიმდინარეობს, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდა.

ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, თითქმის ყველა სასტუმროში, ტურისტებს პირადად ესაუბრა და ისინი არსებულ ვითარებას საკმაოდ ადეკვატურად აღიქვამენ.

“გუშინ საღამოდან, ერთის გარდა, ყველა სათხილამურო ტრასა მოქმედებს, ტურისტები სრიალებდნენ. პირადად მე ჩამოვიარე ყველა სასტუმრო, სადაც ტურისტები იმყოფებიან, შევხვდი მათ, ავუხსენი არსებული სიტუაცია და ადეკვატური რეაქცია აქვთ. ძალიან სწორედ მიუდგნენ ყველაფერს და არანაირი პანიკის მსგავსი რამ არ ყოფილა. საღამოს სრიალი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ყველა ტრასაზე იმ ერთი ტრასის გარდა, რომელიც მომხდარის გამო დავკეტეთ“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მან დაშავებულების მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით, შვედეთის მოქალაქის, ორსული ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია და ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება.

“რაც შეეხებათ დაშავებულებს. სახელმწიფო იზრუნებს მათ სასტუმროებში განთავსებაზე, გამგზავრებასა თუ სხვა ყველა საჭიროებაზე. მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. ყველას გვაქვს მათთან კომუნიკაცია და ისინი სწორად აფასებენ სიტუაციას“, – აღნიშნა ლევან ზაუტაშვილმა.

რაც შეეხება ექსპერტებს, გუბერნატორის ინფორმაციით, კომპანია “დოპელმაიერის“ ექსპერტები გვიან ღამით უკვე ჩამოფრინდნენ საქართველოში, გარდა ამისა, ასევე ელოდებიან დამოუკიდებელ ექსპერტებს.

“პარარელურ რეჟიმში ჩვენი სამართალდამცველები ადგილზე ახორციელებენ საგამოძიებო მოქმედებებს. ეს უკვე მათი პროცედურებია“, – აღნიშნა რწმუნებულმა.

შეგახსენებთ, გუდაურში, გუშინ, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის ორსული ქალია, რომელიც შვედეთის მოქალაქეა. ის ამჟამად “მედიქლაბში” მკურნალობს. ღუდუშაურის კლინიკაში კი მკურნალობას 5 პაციენტი აგრძელებს. დანარჩენები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები