გუდაურის საბაგიროზე დაშავებული უკრაინელი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ „ღუდუშაურის კლინიკის“ პრესსამსახურში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, კლინიკაში იმყოფება 5 პაციენტი, აქედან ოპერაცია მხოლოდ ერთს, უკრაინელ პაციენტს დასჭირდა.
„ჩვენთან არის 5 პაციენტი. აქედან მხოლოდ ერთს ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა პაციენტი კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენ 4 პაციენტს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ“, – აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში.
ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისში ამ დროისთვის გადაყვანილია 7 ადამიანი.
დაშავებულებიდან ერთი შვედეთის, რუსეთის 6 და უკრაინის 4 მოქალაქეა.