LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გუგულიმ სასწორზეც გადაგვიფრინა” – ვის და როგორ შეეხება ჭარბწონიანობის რეგულაცია

რეგულაციები ჭარბწონიანობის წინააღმდეგ- „თამბაქოს კონტროლის” კანონის შემდეგ, დეპუტატი გუგული მაღრაძე კიდევ ერთი ხმაურიანი ინიციატივის ავტორი გახდა.

უნდა დავიწყოთ და მე სიამოვნებით ჩავერთვები ამ რეგულაციებში “ობესიტის“, იგივე ჭარბწონიანობის წინააღმდეგ… უნდა ვიფიქროთ რა გავაკეთოთ, როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, საერთოდ ტკბილ ნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და ა.შ. მე არ მინდა დავაშინო მოსახლეობა, მაგრამ რაღაც რეგულაციებია საჭირო, “ – განაცხადა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში დეპუტატმა.

„გუგულიმ სასწორზეც გადაგვიფრინა“;  „100 კილო ვარ, დახვრეტის მუხლი მიწევს თუ ჩამოხრჩობა?“ – მოსალოდნელ რეგულაციას სოციალური ქსელის მომხმარებელთა მხრიდან სხვადასხვა სახის ინტერპრეტაცია მოჰყვა. თუნდაც, როგორ დადის სამართალდამცველი სასწორით ხელში და ზედმეტ კილოგრამზე ბეგრავს „მოპუტკუნებულ“ გამვლელს. გამოხმაურებიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ინიციატივა საზოგადოების დიდ ნაწილს“ მოხვდა გულზე“.

 

ვინ არის ჭარბწონიანი ?!

 

 

სიმსუქნე ორგანიზმში ცხიმის სიჭარბეა. ჭარბი წონის მიზეზი, მხოლოდ დიდი რაოდენობით საკვების მიღება სულაც არ არის.

კლინიკა „ველესის“ ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი წონის ინდექსის გამოთვლის საერთაშორისო ფორმულას (BMI) გვასწავლის. ფორმულის გამოსაყენებლად მათემატიკის ცოდნა აუცილებელია.

სიმსუქნის განსაზღვრისთვის საერთაშორისო ფორმულა გამოიყენება, სხეულის ინდექსის დასადგენად, მასას კილოგრამებში ვყოფთ სიმაღლის კვადრატთან მეტრებში. თუ სიმაღლე არის 1 მეტრი და 60 სანტიმეტრი, ხოლო წონა 80 კილოგრამი მასის ინდექსის გამოსათვლელად 80 უნდა გავყოთ 1,6 ის კვადრატზე. თუ მაჩვენებელი 18,5 -დან 25- მდე იქნება, ეს არის ნორმალური სხეულის მასის ინდექსი, 25-დან 30-მდე ჭარბი წონაა, 30-35-მდე სიმსუქნის პირველი ხარისხი, 35-40-მდე მეორე ხარისხი, ხოლო  40-ის ზემოთ მესამე ხარისხი,“ – განმარტავს ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

თუ მატემატიკა არ იცით ან გამოთვლა გეზარებათ, უფრო მარტივად 1 მეტრი და 60 სანტიმეტრის ადამიანი 64 კილოგრამამდე უნდა იწონიდეს, 1,80 სანტიმეტრის შემთხვევაში კი, მაქსიმუმი 81 კილოგრამია.

სიმსუქნის განსაზღვრის ამ ფორმულას კიდევ ერთი დეტალი, წელის გარშემოწერილობაც ემატება, გამხდარი მაგრამ ე.წ. ღიპიანი ადამიანი „რეგულაციას“ მაინც ვერ გადაურჩება.

 

რას აშავებს „ პუტკუნა ბავშვი“

 

 

იდეის ინიცატორი დეპუტატი „ფორტუნასთან” საუბარში აზუსტებს, რომ რეგულაციები აუცილებლად სანქციებს არ გულისხმობს და შესაძლებელია არც საკანონმდებლო ცვლილების საჭიროება დადგეს.

„ჭარბწონიანობა თანამედროვე,  განვითარებული სამყაროს გამოწვევაა, ეს სენი განსაკუთრებით ბავშვებში გახშირდა, რასაც მშობლები და საზოგადოება  მარტივად უყურებს,  „ რა მოხდა პუტკუნა ბავშვია“, სინამდვილეში სიმსუქნე ჯანმრთელობის სერიოზულ  გართულებებს იწვევს. საქართველოში ჯანდაცვის და სფეროს სპეციალისტებთან ერთად, საჭიროა კვლევების ჩატარება, შესწავლა ჭარბწონიანობის გამომწვევი მიზეზების და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ტიპის რეგულაცია შიძლება იყოს ეფექტური, საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის. რეგულაციაში აუცილებლად სანქცია არ მოიაზრება, ეს შეიძლება იყოს სასკოლო ბუფეტებში კვების დადგენა, სკოლებსა და სამსახურებში მეტი ფიზიკური აქტივობისთვის ღონისძიებები და ა.შ. “ – განმარტავს „ფორტუნასთან“ გუგული მაღრაძე.

რაც შეეხება ტკბულეულის ფასს, ამ ნაწილში დეპუტატი შეუვალია. მისი განმარტებით, შეიძლება იმაზე მსჯელობა, რა პროდუქტი უნდა წახალისდეს და რა არა. მაგალითად, ხილის და ბოსტნეულის შემომტანებზე შეღავათიანი რეჟიმის დაწესდეს, ტკბილეულის იმპორტიორებზე კი  ნაკლებშეღავათიანი.

“ფორტუნასთან“ დეპუტატი აზუსტებს, რომ ეს ჯერ მხოლოდ იდეებია. გასათვალისწინებელია საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა.

 

საერთაშორისო გამოცდილება

 

 

ევროკავშირის ქვეყნების მიერ ჭარბი წონა მზარდ პრობლემად არის მიჩნეული, რომლის ძირითად მიზეზებად უკონტროლო კვება და ნაკლები ფიზიკური აქტივობა სახელდება.

ევროპის სურსათის უვნებლობის (EFSA) მიერ შემუშავებულია სარეკომენდაციო ხასიათის ცნობარი, სადაც საკვები ნივთიერებების კვებითი ღირებულება, ცხიმიანობა და ორგანიზმზე ზემოქმედებაა აღწერილი.

ჭარბი წონა ერთნაირად პრობლემურია მოზარდებსა და ზრდასრულ ადამიანებში ამერიკის შეერთებულ შტატებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით (WHO), მოსახლეობაში სიმსუქნის პროცენტული მაჩვენებლით ამერიკა ლიდერობს. აღნიშნულ პრობლემასთან საბრძოლველად ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებთან ერთდ, სხვადასხვა ცნობილი კომპანიები და ორგანიზაციებიც იბრძვიან, მათ შორის არის “ბლუმბერგის” კორპორაცია.

სანქცია ან რაიმე ტიპის ჯარიმა ამერიკასა და ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის დაწესებული. ამ ქვეყნებში სიმსუქნესთან ბრძოლის საკითხში მთავარი აქცენტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე კეთდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g