გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმპტომები და პრევენცია – ექიმი კარდიოლოგის, თამარ ვახტანგაძეს რეკომენდაციები

5
თამარ-ვახტანგაძე

17 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ქალთა კარდიოვასკულური ჯანმრთელობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ექიმ-კარდიოლოგი, პროფესორი თამარ ვახტანგაძე სტუმრობდა, რომელმაც ზოგადად კარდიოვასკულურ ჯანმრთელობასა და განსაკუთრებით ქალთა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე ისაუბრა.

– ქალბატონო თამარ, ძალიან საინტერესო თემაა ქალთა კარდიოვასკულური ჯანმრთელობა, რადგან არსებობს სტერეოტიპი, თითქოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით მამაკაცები უფრო ხშირად სნეულდებიან. რა სიტუაციაა სინამდვილეში და როგორია ეპიდემიოლოგიურ-სტატისტიკური მონაცემები საქართველოსა და მსოფლიოში?

– გეთანხმებით, მართალია, მსგავსი სტერეოტიპი წლების მანძილზე არსებობდა, მაგრამ მონაცემების დახვეწის შედეგად გაირკვა, რომ ქალბატონებს უფრო ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ვიდრე მამაკაცებს, თუმცა, ქალების შემთხვევაში კარდიოვასკულური პრობლემები უფრო ხანდაზმულ ასაკში ვლინდება. ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში მამაკაცების, ზოგჯერ კი, ქალების ხვედრითი წილი უფრო მაღალია, რაც საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემებიც დასტურდება. რა თქმა უნდა, არსებობს დაავადებები, მაგალითად, ფილტვის თრომბო-ემბოლია, რომლითაც ქალები უფრო ხშირად და ადრეულ ასაკში ავადდებიან. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სტატისტიკური მონაცემები მუდმივად იცვლება, კარდიოვასკულური დაავადებები მსოფლიო მედიცინის მთავარი საზრუნავია არაგადამდებ დაავადებებს შორის, ამიტომ მუდმივად ვითარდება და იხვეწება კვლევის მეთოდები, რაც თავის მხრივ კლინიკურ გამოვლინებებზეც აისახება.

– რა ასაკი ითვლება კრიტიკულად ქალბატონების შემთხვევაში?

– კარდიოვასკულური დაავადებების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მამაკაცების შემთხვევაში გავრცელების სიხშირე ნელ-ნელა მატულობს და პიკი 50-60 ასაკში აღწევს, ქალბატონებს კი, ორი პიკის დაძლევა უწევთ – ორსულობის პერიოდში და მენოპაუზის შემდეგ, რადგან სწორედ ამ ასაკში განიცდის ქალი ჰორმონალურ ცვლილებებს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ორსულობის დროს გამოვლენილი პრობლემები პირდაპირ კავშირშია მენოპაუზის დროს, ანუ სიცოცხლის მეორე ნახევარში წარმოქმნილ კარდიოვასკულურ დაავადებებთან.

– საინტერესოა, რა განაპირობებს მსგავს კავშირს?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ქალთა კარდიოვასკულური დაავადებების კვლევა მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. სწორედ მაშინ გამოვლინდა ის თავისებურებები, რომელთაც მანამდე ნაკლებად ექცეოდა ყურადღება. თავიდან მხოლოდ საერთო კვლევები ტარდებოდა გენდერული დიფერენციაციის გარეშე, ამიტომ ნაკლებად იყო შესწავლილი ჰორმონალური ფონი და ის მეტაბოლური დარღვევები, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. განისაზღვრა რისკ-ფაქტორებიც, განსაკუთრებით საყურადღებოა საკვერცხეების პოლიკისტოზი, ჰიპერტენზია, ეკლამპსია  და პრეეკლამპსია ორსულობის დროს, რადგან სწორედ ეს დაავადებები იწვევს წლების შემდეგ კარდიოვასკულურ პრობლემებს.

– რა უნდა გაითვალისწინოს ქალმა ადრეულ ასაკში, რათა თავი დაიცვას მსგავსი დაავადებებისგან ხანდაზმულობაში?

– მთავარი რისკების ცოდნაა, რადგან როგორც ამბობენ, „როცა იცი, შეიარაღებულიც ხარ“. მსუბუქი კარდიოვასკულური რისკები – ტკივილი გულის არეში, ქოშინი და ჰიპერტენზია – ქრონიკული გამოვლინებებია, სიცოცხლისთვის საშიში კი, იმ მწვავე შეტევით – ინფარქტით ან ინსულტით ვლინდება, რომელიც დროულ მკურნალობას, მერე კი, მუდმივ დაკვირვებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ქალბატონები ნაკლებად მიმართავენ სპეციალისტებს, რადგან ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე საკუთარ თავზე, რაც ნაკლებად გამართლებულია. ყველა ქალს მინდა ვურჩიო დროულად მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს საჭირო მკურნალობა, დაავადების არ არსებობის შემთხვევაში კი, ობიექტურად შეაფასოს რისკები, რათა მერე დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.

– რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა სპეციალისტს და რა ინტენსივობით უნდა გაიაროს კონსულტაცია?

– ექიმთან ვიზიტი არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად  ავადაა. პირიქით, უმჯობესია  მანამდე გაიაროს კონსულტაცია, ვიდრე დაავადება გამოვლინდება. ზოგადად, რისკ-ფაქტორები მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც ერთნაირია, რადგან ორივე სქესი ერთნაირადაა მიდრეკილი ჰიპერტენზიის, ჭარბი წონისა და სტრესისკენ, ერთნაირად მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს. გასათვალისწინებელია მემკვიდრული წინასწარგანწყობა, პასიური ცხოვრების წესი და დეპრესია, რომელსაც ქალბატონები უფრო ხშირად განიცდიან, ვიდრე მამაკაცები. ასე რომ, ადამიანს თავად შეუძლია განისაზღვროს ის, რაც მისთვის სახიფათოა და დაიცვას თავი დაავადებისგან. მას კი, ვისაც ერთდროულად აწუხებს მენოპაუზისთვის ჩვეული ალები, გულის ფრიალი და ჩხვლეტა გულის არეში, ქოშინი და უძილობა, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სისხლის ანალიზი და მიმართოს სპეციალისტს, რომელიც 10-წლიან კარდიოვასკულურ ალბათობას გამოთვლის და ზუსტად განსაზღვრავს იმ მედიკამენტებს, რომლებიც არ მისცემენ დაავადებას განვითარების უფლებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია არტერიული ჰიპერტენზიის დროული მკურნალობა, რადგან ბევრს მიაჩნია, რომ მაღალი წნევით ცხოვრება ნორმაა და მკურნალობას არ საჭიროებს.

– როგორ შეაფასებთ კონფერენციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამართა თქვენმა საზოგადოებამ?

– ზოგადად, ქალის კარდიოვასკულურ დაავადებებზე საუბარი შეუძლებელია მონათესავე სპეციალისტების გარეშე, ამიტომ მიხარია, რომ ჩვენს ღონისძიებაში უამრავმა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა გინეკოლოგებისა და ენდოკრინოლოგების ჩათვლით, რამაც კიდევ უფრო ინფორმატიული და საინტერესო გახადა კონფერენცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
„ჰიპერტენზიის მსუბუქი ფორმების დროს საერთოდ არაა საჭირო მედიკამენტების მიღება, რადგან ცხოვრების წესის კორექტირება – აქტივობის, კვების და ძილის მოწესრიგებაც მშვენიერ ეფექტს იძლევა” – ზურაბ კლიმიაშვილი გადაცემაში „პულსი“