LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვამოწმებენ: მსოფლიო რაგბის ინსპექტირების ჯგუფი საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისს ეცნობა

16

მსოფლიო რაგბის 2017 წლის 20 წლამდელთა ჩემპიონატამდე 7 თვე რჩება. წლევანდელ ტურნირს 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მასპინძლობს. მსოფლიოს 20 წლამდელთა 12 ელიტური ნაკრები, რომელთა შორის უმცროსი ბორჯღალოსნებიც არიან, თბილისსა და ქუთაისში ერკინებიან ტიტულის მოსაპოვებლად.

ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო პლეიოფები და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება.

ტურნირამდე 7 თვით ადრე, მორიგი საკონტროლო ვიზიტით საქართველოს მსოფლიო რაგბის დელეგაცია, ტურნირების ტექნიკური დირექტორის, საიმონ ქიბლის ხელმძღვანელობით ეწვია. დღეს, ქიბლი, საქართველოს რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრ ბაჩო ხურციძესთან და მსოფლიო რაგბის კონტრაქტორ მოედნების საფარის სპეციალისტ ჩარლზ ჰენდერსონთან ერთად საქართველოს სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და მის მოადგილეს, აკაკი ლოდიას შეხვდნენ.

მსოფლიო რაგბის დელეგაცია მსოფლიო ჩემპიონატისათვის მიმდინარე სამზადისს – თბილისსა და ქუთაისში დაგეგმილი სარაგბო მოედნების მშენებლობის პროცესს გაეცნობიან. შეგახსენებთ, რომ ტურნირისთვის 10 ახალი მოედანი უნდა აშენდეს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ტურნირის მსვლელობისას ივარჯიშებენ.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: “მსოფლიო რაგბის ინსპექტირების წარმომადგენლებთან მსგავსი სამუაშაო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საერთაშორისო ექპერტებს ინფრასტრუქტურის და ასევე ტურნირების ორგანიზების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ და მათ რჩევებს, რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ.
მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირების ჩატარების გამოცდილება ჩვენც დაგვიგროვდა და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ. საქართველოში რაგბის სამომავლო განვითარებისათვის 2017 წლის ტურნირს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ.”
საიმონ ქიბლი: “საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით ვიმყოფებით, რათა გავეცნოთ ზოგად სიტუაციას და შევამოწმოთ, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება მომავალი, 2017 წლის მსოფლიოსთვის. ჩვენი ინტერესის სფერო ინფრასტრუქტურული მიმართულებებია, დავათვალიერებთ როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში დაგეგმილი მოდნების მშენებლობის პროცესს და დავაკვირდებით თუ რამდენად გეგმაზომიერად განხორციელდება სამუშაოები იმისათვის რათა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს სავარჯიშოდ და სათამაშოდ საუკეთესო პირობები დახვდეთ.
ასევე აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ტურნირის მოქმედი ჩემპიონის ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას, იმისათვის რომ ადგილზე გაეცნონ ვითარებას, თავად იხილონ თუ როგორ არჩევანს სთავაზობს მათ საქართველო, რათა უკეთ მომზადონ მსოფლიო ჩემპიონატისათვის.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები