LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობით საქართველო მე-3 ადგილზეა: კამპანიამ „სუფთა ჰაერისთვის“ სტარტი აიღო

131

კამპანია “სუფთა ჰაერისთვის” გაიხსნა.

2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ) ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

ბოლო ორი თვის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მონაცემებით სმოგური ოზონის (O3) კონცენტრაცია ქ. თბილისში ზღვრულად დასაშვები საშუალო სადღეღამისო კონცენტრაციის დონეს (0,03 მგ/მ3) მნიშვნელოვნად აჭარბებს და თბილისის რიგ უბნებში მისი მაჩვენებელი – ხშირად ორმაგი და მეტია (0,0562, 0,06, 0,064; 0,079).

ასევე ჯანმრთელობისთვის საშიშ დამაბინძურებლებს მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირორჟანგი, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდი წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში დაბინძურებული ჰაერის გამო საგრძნობლად იმატა გულსისხლძარღვთა, რესპირატორული და ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა, რაც პირდაპირ კავშირშია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან. ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო გაუმართავი ავტოტრანსპორტი და გამონაბოლქვია, რომელიც მთლიანი გაფრქვევების 71%-ს შეადგენს.

კამპანიის “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში ოცამდე კერძო კომპანიის მიერ მოხდება როგორც ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების ადვოკატირება, ასევე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის წარმოება.

სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე კერძო კომპანიების მიერ კამპანიაში ჩართულობა გამოიხატება “მწვანე” პროდუქტების შექმნით, საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებით, ეკო-ინიციატივების დანერგვით, ეკო-ავტომობილების გამოყენებით, მწვანე სივრცეების მოწყობით, თანამშრომლებში ნებაყოფლობითი ტექ-ინსპექტირების წახალისებით და სხვა. კამპანია ხორციელდება გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის მხარდაჭერით მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ფარგლებში, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ და საბანკო, სადაზღვევო, საავტომობილო კომპანიების, ნავთობკომპანიების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სასტუმრო ინდუსტრიების აქტიური მონაწილეობით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნილს სკოტი, კერძო კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა, თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძე. მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ კამპანიის მონაწილეების მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

magti 5g