საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც გუშინ გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„დაზიანებები აღმენიშნება თავის, სახის და მხრების არეში. გულისრევის შეგრძნება მაქვს. დღეს უფრო ვერ ვარ კარგად. ანალიზები ამიღეს, ტომოგრაფია, რენტგენი გადამიღეს. როგორც ვატყობ, კლინიკიდან დღეს არ გამწერენ“, – განაცხადა ეძგვერაძემ.
მან ასევე გაიხსენა თავდასხმის დეტალები.
„ალბათ, 40ზე მეტი ადამიანი მოვარდა, კორპუსთან ეზოში დიდი ოთახი მაქვს მოწყობილი, სადაც დაანგრიეს ყველაფერი. ფეხბურთელი კახა ალადაშვილი ჩემი მეგობარია, მოწყობილი გვაქვს სივრცე, სადაც ბავშვებს ავარჯიშებს და ეს დაანგრიეს. ჰანტელები დაგვარტყეს, კარადა და ყველაფერი დაამტვრიეს. როდესაც გვირტყამდნენ ნიკა მელიას აგინებდნენ“, – განაცხადა ეძგვერაძემ.