Netflix-მა მიაღწია შეთანხმებას Warner Bros-ის, ასევე HBO-ს და HBO Max-ის სტრიმინგის შესყიდვის თაობაზე. გარიგების თანხა 82,7 მილიარდ დოლარს შეადგენს და მისი დასრულება დაახლოებით წელიწად-ნახევარში იგეგმება.
ამერიკული სტრიმინგ სერვისი Netflix ამიერიდან Warner Bros-ის კინოსტუდიის მფლობელია. კომპანიებმა შეთანხმების შესახებ ერთობლივ პრესრელიზში განაცხადეს.
შეთანხმების მიხედვით, Netflix Warner Bros. Discovery-სგან უშუალოდ Warner Bros-ის კინოსტუდიას შეიძენს, ასევე HBO Max-ს და HBO-ს არხს. Warner Bros-ის ბიზნესი Netflix-ს ისეთ ფრენჩაიზებზე მისცემს კონტროლს, როგორიცაა ჰარი პოტერი ან DC Comics. გარდა ამისა, გარიგება მომავალში „სამეფო კარის თამაშებზე“ უფლებასაც გულისხმობს, რაც ასევე HBO-ს ეკუთვნის.

შეთანხმება დასრულდება მას შემდეგ, რაც Warner Bros. Discovery-ის გლობალური ქსელების განყოფილება – Discovery Global კონცერნს გამოეყოფა. როგორც პრესრელიზში წერია, ეს 2026 წლის მესამე კვარტალში მოხდება. ამ განყოფილებაში შევა CNN, TNT, HGTV და Discovery+, რომლებიც Netflix-თან გარიგებაში ვერ მოხვდნენ.
Netflix-ი Warner Bros-ს დაჰპირდა, რომ კინოთეატრებში ფილმების გაქირავებაზე უარს არ იტყვის. გარდა ამისა, გარიგება Netflix-ს საშუალებას მისცემს ოპტიმიზაცია გაუკეთოს ტარიფებს. კომპანიას ასევე სჯერა, რომ მესამე წლისთვის წლიურად 2-3 მილიარდი დოლარის ეკონომიას შეძლებს და მოგების მიღება მეორე წლიდან იქნება რეალური.
Netflix-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გრეგ პიტერსის თქმით, Warner Bros-ის ძირითადი აქტივების შეძენა Netflix-ის შეთავაზებას გააუმჯობესებს და „ბიზნესის განვითარებას დააჩქარებს“.
„Warner Bros-ი საუკუნეზე მეტია რაც გასართობ ინდუსტრიას განსაზღვრავს და ამას თავისი უნიკალური კრეატიული ხელმძღვანელობითა და წარმოების შესაძლებლობებით აკეთებს. ჩვენი გლობალური მასშტაბითა და დამტკიცებული ბიზნეს-მოდელით, შეგვიძლია მათ მიერ შექმნილი სამყაროები ბევრად უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ“, – ნათქვამია მის განცხადებით.
გარიგების იურიდიული ნაწილი
შეთანხმების მიხედვით, Warner Bros. Discovery-ის თითოეული აქციონერი მიიღებს 23,25 დოლარს ნაღდი ანგარიშსწორებით და 4,5 დოლარის ღირებულების Netflix-ის აქციებს. Warner Bros. Discovery-ის ღირებულება გარიგების ფარგლებში 27,75 დოლარად არის შეფასებული. საერთო კაპიტალიზაცია შეადგენს 72 მილიარდ დოლარს, ხოლო საწარმოს ღირებულება – დაახლოებით 82,7 მილიარდს.
აქციებზე მოქმედებს შეზღუდვა: Warner Bros. Discovery-ის აქციონერები Netflix-ის აქციებს 4,50 დოლარის ფარგლებში მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ Netflix-ის 15-დღიანი საშუალო ფასი (გარიგების დახურვამდე 3 დღით ადრე) 97,91-119,67 დოლარის დიაპაზონში იქნება.
გარიგება ერთხმად დაამტკიცეს ორივე კომპანიის – Netflix-ის და Warner Bros. Discovery-ის დირექტორთა საბჭოებმა. გარიგების დასრულება დამოკიდებულია Discovery Global-ის გამოყოფაზე, რეგულატორების ნებართვებზე, Warner Bros. Discovery-ის აქციონერთა თანხმობაზე და სტანდარტული პირობების შესრულებაზე.
რატომ დათანხმდა Warner Bros. Discovery Netflix-თან გარიგებას
ფინანსური პრობლემებისა და ვალების ფონზე Warner Bros. Discovery-ის ხელმძღვანელობამ თავდაპირველად ბიზნესის გაყოფა დაგეგმა, ხოლო 2025 წლის ოქტომბერში კომპანია მთლიანად გაიტანა გასაყიდად. განიხილებოდა როგორც მთლიანად ბიზნესის, ასევე მისი ცალკეული სეგმენტების გაყიდვა. Netflix-ის გარდა, აქტივით დაინტერესებული იყვნენ Paramount და Comcast.

სხვა მსხვილ კომპანიებთან გარიგებას შეეძლო გამოეწვია მონოპოლიის რისკი; მაგალითად, Comcast ფლობს Universal Pictures-ს, ხოლო Paramount – Paramount Pictures-ს. ეს ორი სტუდია Warner Bros-თან ერთად ჰოლივუდის უმსხვილეს მოთამაშეებად ითვლება. Netflix-თან გარიგება კი მონოპოლიის რისკს უკვე სტრიმინგის სფეროში იწვევს.
ანალიტიკოსების თქმით, Netflix-ს არა მხოლოდ საუკეთესო შეთავაზება ჰქონდა, არამედ ეს იყო ერთადერთი ვარიანტი, რომელიც Warner Bros. Discovery-ს აძლევდა შესაძლებლობას დაესრულებინა გეგმური ქსელური ბიზნესის გამოყოფა და მის გენერალურ დირექტორს, გუნარ ვიდენფელსს, ამ ახალი კომპანიის სათავეში ჩადგომის შესაძლებლობა მისცა.
