ბერი მენილო ლას-ვეგასის კონცერტებს დროებით აუქმებს. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში 82 წლის მომღერალმა ფილტვის კიბოს პირველი სტადიის დიაგნოზის გამო ტურნეს რამდენიმე თარიღი უკვე შეცვალა, მათი ჩატარების ახალ თარიღებად კი მარტი და აპრილი დასახელდა.
მუსიკოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ თავს შესანიშნავად გრძნობს და რეაბილიტაციის პროცესიც წარმატებით მიმდინარეობს, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, სრული გამოჯანმრთელებისთვის მას დამატებითი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, 12-დან 21 თებერვლამდე Westgate Las Vegas-ში დაგეგმილი გამოსვლები მოგვიანებით გაიმართება.
ცნობისთვის, მომღერალმა შარშან დეკემბერში გაამხილა, რომ რამდენიმე კვირიანი ბრონქიტის შემდეგ, პირადმა ექიმმა, ყოველი შემთხვევისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დაუნიშნა. კვლევამ მარცხენა ფილტვზე სიმსივნური წარმონაქმნი აჩვენა, რომელიც ამოკვეთას საჭიროებდა.
შეგახსენებთ, რომ ბერი მენილოს მუსიკალური კარიერა სტარტს 60-იან წლებიდან იღებს. სადებიუტო სტუდიური ალბომი – Barry Manilow შემსრულებელმა 1973 წელს წარადგინა. მის ხელწერად ითვლება ჰიტი – Copacabana. სიმღერამ, რომელიც 1978 წლით თარიღდება, მენილოს ერთადერთი ,,გრემი” მოუტანა ნომინაციაში – Best Pop Male Vocal Performance, რომელიც ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ უკანასკნელად, 2011 წელს გასცა.