LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონგ-კონგში 2 000-მდე ზაზუნას გაანადგურებენ, ზოომაღაზიაში 11 მღრღნელს კოვიდი დაუდასტურდა

401
1

ჰონგ-კონგში, დაახლოებით 2 000 ზაზუნას გაანადგურებენ – მიზეზი კოვიდინფექციაა, რომელიც იმ ზოომაღაზიაში გამოვლინდა, რომელშიც მღრღნელები იყიდებოდნენ.

ვირუსი თავდაპირველად მაღაზიის სამ თანამშრომელს გამოუვლინდა, ამის შემდეგ კი ზაზუნებიც გატესტეს – 178-დან 11 ზაზუნა კოვიდდადებითი აღმოჩნდა. ზაზუნების გაყიდვა შეჩერდა.

ბრძანება უკვე გაცემულია – მოქალაქეებმა არ აკოცონ შინაურ ცხოველებს და ნებისმიერი ზაზუნა, რომელიც 22 დეკემბრის შემდეგ შეიძინეს, უკან დააბრუნონ, მათ შესაბამისი უწყება ჩაიბარებს.

ხელისუფლება ასევე აფრთხილებს რეგიონის მოსახლეობას, არ გაუშვან ქუჩაში ცხოველები, რომლებიც შობამდე რამდენიმე დღით ადრე შეიძინეს.

მედიის ინფორმაციით, ზაზუნების პატრონები, რომლებიც ცხოველებს უკან დააბრუნებენ, ასევე ვალდებულები არიან, ტესტირება ჩაიტარონ.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მდივანმა სოფია ჩანმა აღნიშნა, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ შინაურ ცხოველებს შეუძლიათ დაავადება ადამიანებს გადასცენ, მაგრამ ხელისუფლება სიფრთხილით მოქმედებს და ჩინეთი ცდილობს, შეინარჩუნოს ნულოვანი კოვიდსტრატეგია, რათა ვირუსის გავრცელებას ყველანაირად შეუშალოს ხელი.

“ჩვენ შევაფასეთ რისკები და ის შედარებით მაღალია, ამიტომ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებიდან გამომდინარე მივიღეთ. მოვუწოდებთ შინაური ცხოველის ყველა მფლობელს, დაიცვან მკაცრი ჰიგიენა ცხოველებისა და გალიების მოვლისას. არ აკოცოთ და არ მიატოვოთ ისინი ქუჩაში”, – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

The guardian წერს, რომ როგორც ჩანს, მეცნიერები ადრევე განიხილავდნენ ზაზუნების კოვიდით ინფიცირების შესაძლებლობას.

გამოცემის ინფორმაციით, 2020 წლის მაისის კვლევაში, რომელიც ჰონგ-კონგის ინფექციური დაავადებების წამყვანმა ექსპერტებმა ჩაატარეს, ცდისპირებად ზაზუნები გამოიყენეს – ცხოველები ნიღბის ტარების ეფექტიანობის დასადგენად და ინფიცირებულ ცხოველებს შორის დაავადების გადაცემის ხარისხის გასაზომად გამოიყენეს.

მედიაში არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან გადაედოთ ზაზუნებს ვირუსი და იყო თუ არა მათი დაინფიცირების წყარო ზოომაღაზიის თანამშრომელი.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზოომაღაზიაში შეძენილ თითოეულ ზაზუნას, რომელსაც მოქალაქეები უკან დააბრუნებენ – “ადამიანურად” მოექცევიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g