LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იატაკქვეშა გასესხებებს“ უნდა ველოდოთ” – რის გამო იხურება ლომბარდები

48312907_261937097833060_8458318149597528064_n

„მოგესალმებით, გთხოვთ, თქვენ მიერ დალომბარდებული ტექნიკა 20 დეკემბრამდე გაიტანოთ, რადგან ლომბარდი იხურება,“ – ამ განცხადებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე მომხმარებელს დაურეკეს. ლომბარდში მოქალაქეებს განუმარტეს, რომ მალე ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი ამოქმედდება, რასაც სესხის გამცემი ზოგიერთი ორგანიზაცია ვერ დააკმაყოფილებს და ამიტომ, ლომბარდები დაიხურება. ასეთი აღმოჩნდა „მობიკრედიტიც“, რომელიც „ფორტუნას“ დამატებით კითხვებზე პასუხს ვერ სცემს, რის გამო ემუქრება ორგანიზაციას დახურვა, თუმცა ლომბარდში ადასტურებენ, რომ 20 დეკემბრიდან ფუნქციონირებას წყვეტენ.

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი წესი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ  ეს დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისთვის ერთდროულად შევა ძალაში. დებულების მიზანი, საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისებაა, რაც ხელს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს.

სესხის გაცემის ახალი წესი, რომელიც 2018 წლის 15 ნოემბერს უნდა ამოქმედებულიყო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი 2019 წლის 1 იანვრამდე გადაავადა. არასაბანკო ფინანსურ ორგანიზაციათა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სებ-ის მოთხოვნებში ბევრი შეუსაბამობაა, რასაც ლომბარდები ვერ დააკმაყოფილებენ.

 

რატომ იხურება ლომბარდები?!

 

საქართველოს ეროვნული ბანკის დებულებით განსაზღვრული რეგულაციები ერთდროულად გახდება სავალდებულო, როგორც კომერციული ბანკებისთვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის, მათ შორის, ლომბარდებისთვის დებულების მთავარი პრინციპები უცვლელია – მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების აუცილებლობა. ახალი წლიდან სესხის გამცემლებს პასუხისმგებლობა ექნებათ, შეამოწმონ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და არ დააკისრონ მას ვალდებულების მომსახურების შესაძლებელზე მეტი ტვირთი, მათ შორის სესხი და თავდებობა.

ლომბარდებში აცხადებენ, რომ სებ-ის მიერ დაწესებული მოთხოვნების სტანდარტი იმდენად მაღალია, რომ მათი ნაწილი ვერ შეძლებს პირობების დაკმაყოფილებას, დაიხურება და საქართველოს მასშტაბით ლომბარში დასაქმებული ათასამდე ადამიანი უსამსახუროდ დარჩება. თუმცა, როგორც „ფორტუნასთან“ ლომბარდების წარმომადგენლები ამბობენ, რეგულაციებიდან ყველაზე მძიმე ტვირთი სალიცენზიო თანხის ზრდაა.

„რა ინფორმაციაც მე მაქვს რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით, ბევრი ლომბარდი ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას. ჯერ მარტო სალიცენზიო 10 ათასი ლარი რამხელა ტვირთია?! მაგალითად, ამ ლომბარდს რაც აქვს ბრუნვა, თვეში 4%-ად რომ იმუშავოს, ქირის თანხასაც ვერ გადავიხდით, დანარჩენ გადასახადებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ოპერატორების ხელფასებსაც რომ თავი დავანებოთ და მოგებაზე რომ გავიდეს პროდუქტი, მხოლოდ ქირის თანხასაც ვერ ავიღებთ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ერთ-ერთი ლომბარდის მფლობელი, გივი თოდიძე.

„ჩვენი ლომბარდი იხურება 1 იანვრიდან და აღარ იფუნქციონირებს. ამის შესახებ ჩვენს მომხმარებლებს უკვე შევატყობინეთ, ვისაც ვერ დავუკავშირდით, განცხადება გამოკრული გვაქვს. აქ ორი ოპერატორი ვმუშაობთ და ახალი წლიდან ჩვენი სამსახური აღარ იქნება. ამ რეგულაციების თაობაზე შეხვედრებიც გაიმართა, ლომბარდების წარმომადგენლები ვითომ რაღაცებზე შეთანხმდნენ, მაგრამ შედეგი არაფერია – მაინც ვიხურებით. ეროვნული ბანკის პირობები და დებულება კი, ისევ ძალაში რჩება!“ – ამბობს „ფორტუნასთან“ კიდევ ერთი ლომბარდის წარმომადგენელი, შოთა თავბერიძე.

სებ-ში განმარტავენ, რომ სესხის გაცემის მომენტში სესხის გამცემს ეზღუდება ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის დაკისრება, ვიდრე ფიზიკურ პირს მისი გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს.

თუმცა, სალომბარდე სესხების დროს შემოსავლების შეფასება აუცილებელი არაა, მაგრამ ასეთ შემთვევაში ფიზიკური პირის ვალდებულება მხოლოდ გირაოს საგნით დაიფარება. ცვლილებაა შემდეგშიც – 2019 წლის 1 იანვრიდან სალომბარდე სესხის პრობლემური გადახდის ან სულაც გადაუხდელობის შემთხვევაში, ლომბარდები მსესხებლის სხვა ქონებას ვეღარ დაისაკუთრებენ. ლომბარდებში შიშობენ, რომ სებ-ის ახალი დებულებით ისინი ან დაიხურებიან, ან მათ პორტფელებს კომერციული ბანკები დაისაკუთრებენ.

 

რა შედეგები მოჰყვება ლომბარდების დახურვას?!

 

საქართველოში საფინანსო ბაზარზე, დღეის მონაცემებით, 600-მდე ლომბარდი ფუნქციონირებს. ლომბარდების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს რიცხვი შეიძლება არა თუ განახევრდეს, არამედ მესამედ ნაწილსაც ჩამოსცდეს. გარდა იმ დისკომფორტისა, რაც ლომბარდების დახურვას მოჰყვება, საგულისხმოა ლომბარდებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. თითოში, როგორც წესი, 2-3 ადამიანი მაინც მუშაობს, დახურვის შემთხვევაში, ლომბარდების სრული რაოდენობა რომ განახევრდეს, მინიმუმ 600-900 დაუსაქმებელი ემატება უმუშევართა საერთო რაოდენობას. თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, ეს პრობლემა, საერთო სურათიდან გამომდინარე, „ზღვაში წვეთია“.

„აქ დასაქმების კუთხით უფრო ნაკლები აქცენტი კეთდება, ძირითადად, მაინც საუბარი არის იმაზე, რომ ასეთი ტიპის რეგულაცია კონკურენციას მკვეთრად შეზღუდავს, ანუ „გაიცხრილება“ ეს ლომბარდები და შესაბამისად, ბაზარზე დარჩება ნაკლები ლომბარდი, ვიდრე იყო, ეს კი თავისთავად კონკურენციაზე გავლენას მოახდენს. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს რეგულაცია იმიტომ შეიძლებოდა ყოფილიყო შემოტანილი, რომ თითქოსდა ზოგიერთი ლომბარდი ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს და ამით მოქალაქეებზე ახდენდა ზეგავლენას. ჩემთვის პირადად, ეს კრიტერიუმი აბსოლუტურად გაუგებარია,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ეკონომისტი, რამაზ გერლიანი.

გერლიანი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ როცა არჩევანი იზღუდება, ლომბარდებს უფრო მკვეთრი კრიტერიუმები ექნებათ, რომლის შესაბამისადაც პირდაპირ მომხმარებელზე მოახდენენ ზეგავლენას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, ასეთივე შეზღუდვები ამ ეტაპზე მათ არ გააჩნიათ.
თუმცა, ვალების განულების პროექტმა შესაძლოა, მალე არა ერთი მიკროსაფინანსო სესხის გამცემი ორგანიზაცია „შეიწიროს“; სწორედ ამიტომ    გერლიანი ამბობს, რომ „იატაკქვეშა გასესხებებს“ უნდა ველოდოთ და ამ ტიპის რეგულაციით არალეგალური საქმიანობა წახალისდება.

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g