ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „თუ რუსეთის შეძლებს უხეში ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევას, ეს კატასტროფა იქნება“. აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა, COP27 კლიმატური კონფერენციის მონაწილეებთან ვირტუალური მიმართვის დროს დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „თუ რატომაა შეუძლებელი კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ დააძალო ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის პირობებზე მოლაპარაკებებისთვის უბიძგო“.
მისი განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არა 2022, არამედ 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია და კონტროლი დაამყარა ტერიტორიაზე უკრაინის აღმოსავლეთში.
„თუ უკრაინა მიიღებს რუსეთს მოთხოვნებს და დათანხმდება იმას, რომ რუსეთს შეუძლია წინსვლის გაგრძელება და მისი ტერიტორიების დაპყრობა, ეს მხოლოდ გაზრდის იმის რისკს, რომ რუსეთი კვლავ და კვლავ განახორციელებს თავდასხმებს.
თუ რუსეთი შეძლებს უხეში სამხედრო ძალის გამოყენებით სასურველის მიღწევას, ეს იქნება, რა თქმა უნდა, კატასტროფა უკრაინისთვის, მაგრამ ეს ასევე შეიძლება სახიფათო იყოს ყველა ჩვენგანისთვის. ვინაიდან ეს იმას აღნიშნავს, რომ უხეში ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მიღწევისა და მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის მოპოვების გზას წარმოადგენს“, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
