55 წლის მამუკა ონაშვილი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
მომღერალი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 4 აგვისტოს დაკრძალეს.
ონაშვილს მეგობრები და ოჯახის წევრები ემოციურად ემშვიდობებიან, მათ შორის არის მომღერალი ნუგზარ კვაშალი.
მან მამუკას შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.
„მე და მამუკას მამა, ძალიან კარგი ადამიანი – გელა ონაშვილი ვმეგობრობდით და მამუკა ჩემს თვალწინ გაიზარდა… ეს იყო უნიჭიერესი კაცი! დიდი ხომ იყო და დიდი იყო ის ყველანაირად – დიდი სიყვარულით, სიკეთით, იუმორით, მართლაც უნიკალური პიროვნება.
მამუკა ჩემზე 16 წლით პატარა იყო… ჯარიდან რომ ჩამოვიდა, იმდენად გამხდარი და ტანწერწეტა იყო, ყველა მის სიგამხდრეზე წუხდა…
ვერ გამოვყოფ, რა მიმართულებით უფრო ნიჭიერი იყო – როგორც მომღერალი თუ მხატვარი… ბოლოს ხატვა დაიწყო, რადგან წონის მკვეთრი მატება მოძრაობაში ხელს უშლიდა.
მამუკა ონაშვილის ნახატები – მომღერლის ნამუშევრებს მისი მეგობარი აქვეყნებს
საოცარ ნახატებს ქმნიდა, ნახატებშიც მისი უდიდესი სიყვარული იყო ჩაქსოვილი ადამიანების მიმართ… უიშვიათესია, მაგრამ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი გამოუდით, რასაც კი ხელს ჰკიდებენ. სწორედ ასეთი იყო ჩვენი უსაყვარლესი მამუკა.
ყველას გვერდით ედგა ჭირსა თუ ლხინში… მიუხედავად იმისა, რომ სიარული არ შეეძლო, მაინც მოვიდოდა მტკივანი ფეხებით და გვერდით დაგიდგებოდა.
მისი ერთ-ერთი სასცენო პარტნიორი და უახლოესი მეგობარი იყო ზურიკო დოიჯაშვილი… მაგათი დუეტი ნამდვილი შედევრი იყო და ორივე ახალგაზრდა წავიდა ამ წუთისოფლიდან. მამუკა 55 წლის გახდა პირველ ივნისს და ვინ წარმოიდგენდა მისი ცხოვრების ასეთ ფინალს?!…
შეძრული ვარ, ძალიან საწყენია მთელი ქვეყნისთვის, რა ტრაგედიაც დატრიალდა“,- ამბობს ნუგზარ კვაშალი.