საქართველომ ძალიან დიდი წინსვლა განიცადა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კვალობაზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რეფორმებზე საუბრისას იენს სტოლტენბერგი სასამართლოს მიმართულებასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო ეფექტიანი დაცვის ინსტიტუციები იარსებებს. მან საქართველოს მოუწოდა, გააგრძელოს მუშაობა რეფორმების მიმართულებით, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა საბოლოოდ გაწევრიანდეს ნატოში.
“გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სფეროს ზედამხედველობის როლი, ასევე, სასამართლო სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმების განხორციელება, იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა კვლავ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტიანი დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში.
ასევე, მივესალმები იმას, რომ თქვენ ვალდებულებად იკისრეთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის მიზნებისთვის, ამ თანხის 20% წავა აპარატურაზე და მოდერნიზაციაზე, ეს გააძლიერებს თქვენს სამხედრო ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას,” – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.