12 ნოემბერს მიხეილ მესხზე იაპონიასთან გასამართი ტესტ-მატჩის წინ, ბორჯღალოსნებმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს, რომელსაც ჟურნალისტები და 500-მდე გულშემატკივარი დაესწრო.
ვარჯიშში აქტიურად იყვნენ ჩართული მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრები – ბრედ ჰარისი და რიჩარდ გრემი. წვრთნის პროცესმა საათზე ოდნავ მეტხანს გასტანა და ის წინა ღია ვარჯიშებისგან განსხვავებული იყო.
მცირედი გახურების შემდეგ, გაფართოებული შემადგენლობის 35-ივე წევრი ორ გუნდად გაიყო და ინტენსიური, სათამაშო სიტუაციებთან მაქსიმალურად მიახლოვებული წვრთნა გახურდა. მორაგბეებს განსაკუთრებული, ამაღლებული განწყობა ეტყობოდათ, რაც მომავალი თამაშის წარმატებით დასრულების იმედს კიდევ უფრო აღრმავებს. ვარჯიშის მიწურულს მორკინალებმა დერეფნებში, ხოლო ხაზის მოთამაშეებმა ფეხით თამაშში და დაკიდებული ბურთების „მოხსნაში“ ივარჯიშეს.
დავით კაჭარავა: „უმნიშვნელოვანესი ნოემბერი და სამი თამაში გველოდება. პირველი შეხვედრა იაპონიასთან გვაქვს და გასული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მაყურებელს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს. ჩვენ ოპტიმალური შემადგენლობით ვართ, მზადების პროცესი ძალიან კარგად მიდის და იმედი მაქვს, რომ ამ თამაშს წარმატებით დავასრულებით. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ და 100%-ით დავიხარჯებით, რათა გულშემატკივარი გავახაროთ.
რეიტინგში წინსვლის პერსპექტივა ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. პირველად ქართული რაბის ისტორიაში, გვაქვს შანსი, რომ ტოპ 10-ეულში შევიდეთ და ვეცდებით ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ“.
ვიტო კოლელიშვილი: „ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო, დიდი ხანია ნაკრების მაისურით არ მითამაშია და ბედნიერი ვარ ამის შესაძლებლობა რომ მომეცა. ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, რაც ნებისმიერი თამაშის წინ, უმნიშვნელოვანესია. ასევე მნიშვნელოვანია პირველი თამაშის კარგად ჩატარება, რადგან ეს განწყობა მომავალ შეხვედრებშიც გაგვყვება. იაპონიასთან ბევრჯერ გვაქვს ნათამაშები. ისინი სწრაფ რაგბის თამაშობენ, დისციპლინირებული გუნდია, ბოლო წუთამდე იბრძვიან და საინტერესო შეხვედრის მოლოდინში ვარ. ჩემი აზრით, კარგი სანახაობრივი თამაში იქნება, რომლის შედეგზეც დიდ გავლენას იქონიებს გულშემატკივრის ფაქტორი. საქართველოში მუდამ ვგრძნობთ გულშემატკივრის თანადგომას და მოხარულები ვიქნებით, თუ ისინი ახლაც ჩვენს გვერდით იქნებიან“.
გიორგი ნემსაძე: „დაძაბული შეხვედრის მოლოდინში ვართ. იაპონიასთან ბოლო სამი დაპირისპირება დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ახლაც ასეთი მოლოდინი გვაქვს. ვუყურეთ იაპონიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრას. მეტოქე კარგი ბიჭებით დაკომპლექტებული, საუკეთესოდ მომზადებული გუნდია. იაპონიას მონდომების და ფიზიკური ძალის ხარჯზე უნდა ვაჯობოთ. უნდა ვითამაშოთ ისე, აქამდე რომ არ გვითამაშია. რაც შეეხება ჩვენს სამწვრთნელო შტაბში მომხდარ ცვლილებებს, კარგი სპეციალისტები არიან. ერთთან ივნისში, ოკეანეთის ტურნეზეც გვქონდა შეხება. ყველაფერი კარგად აეწყო და იმედია ეს თამაშშიც გამოჩნდება. გამარჯვების შემთხვევაში ისტორიულ ათეულში შევალთ და იმედია, ამის მიღწევას მოვახერხებთ“.
–
12 ნოემბერს 100-იანთა კლუბს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან 743 ქულით ბორჯღალოსანთა საუკეთესო მექულე კვირიკაშვილი და შუამარბი კაჭარავა, რომელთა ანგარიშზე 95-95 კეპია. ნაკრებს მამუკა გორგოძე უკაპიტნებს, რომელსაც აქამდე ეს პატივი 8-ჯერ ერგო. 2013 წელს, ჩვენმა გუნდმა იმ დროისთვის მოწინავე 10-ეულში მყოფი სამოა სწორედ მამუკას კაპიტნობით დაამარცხა. ის გუნდს ისტორიულ მსოფლიო თასზეც კაპიტნობდა, სადაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ორი გამარჯვება ვიზეიმეთ და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვეთ.
რაც შეეხება მომავალი თამაშის ისტორიულ მნიშვნელობას. გამარჯვების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში ფიჯის ნაკრებს ჩააჩოჩებენ და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მოწინავე ათეულში შევლენ, რაც უდიდესი მიღწევა იქნება. ჩვენს გუნდს 9-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს და სიმბოლური იქნება, თუ მეათე წარმატებით მსოფლიოს მოწინავე ათეულში შევა.