LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედს ვიტოვებთ, რომ ,,ტვ პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და გადმოგვცემს ფარულ ჩანაწერებს: პროკურატურა

66
პროკურატურა

“ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას,” – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება განმარტავს, თუ რის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება და მიუთითებს, რომ აღნიშნული ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, მიმდინარე წლის 9 მარტს, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების ფაქტზე დაიწყო.

ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.   

“იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც  ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შინაარსს ეფუძნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოდან განჩინება ,,ტელეკომპანია პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მოწყობილობის ამოღებაზე მიიღო, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო  6 მარტს ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები,” – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, 10 მარტს, აღნიშნული განჩინების ტელეკომპანიისთვის ფოსტით საშუალებით მიწოდებამდე, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ,,ტელეკომპანია პირველის“ ერთ-ერთ თანამშრომელთან  სატელეფონო კომუნიკაცია შედგა, რა დროსაც მას განემარტა, რომ სასამართლოს განჩინება შესასრულებლად გაეგზავნებოდათ ფოსტის საშუალებით და “მათთვის მისაღები ფორმით, მათთვის მისაღებ დროს და ადგილას გამოძიებისთვის მოეწოდებინათ განჩინებით მოთხოვნილი მასალები.”

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულზე ტელეკომპანიაში გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს .

“ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება,”- აღნიშნულია გნაცხადებაში.

უწყების ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი, თუმცა საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ,,ტელეკომპანია პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს გადასცემს, რათა აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით შესაბამისი ექსპერტიზები დროულად დაინიშნოს, ასევე ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

პროკურატურის განცხადებით, ,,ტელეკომპანია პირველს“ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მათთვის მისაღებ დროს, პროკურატურაში წარადგინონ მათთვის ხელთ არსებული ფარული ჩანაწერები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, მიუხედავად მათ მიერ გაჟღერებული პოზიციისა სასამართლოს განჩინების შინაარსთან დაკავშირებით.

“კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა”. – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები