ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ე.წ. „უკურსო მთვარის“ პერიოდზე წერს და განმარტავს, რომ ამ დროს დაწყებული მნიშვნელოვანი საქმეები ხშირად უშედეგოდ სრულდება.
როგორც ის აღნიშნავს, ეს მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ სიტუაციას, როცა მანქანის პედალს ბოლომდე აწვებით, ძრავა სრული სიმძლავრით მუშაობს, თუმცა სიჩქარეში არ გაქვთ ჩაგდებული და ადგილზე დგახართ ენერგია იხარჯება, შედეგი კი თითქმის ნულია.
„იმისათვის, რომ მარტი თქვენთვის ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მომგებიანი იყოს, მკაცრად დაიცავით ეს მარტივი ნავიგაცია:
რას ვკრძალავთ კატეგორიულად? ამ საათებში ინიცირებული ნებისმიერი საქმე თავიდანვე განწირულია კრახისთვის ან ქრონიკული გაურკვევლობისთვის.
- მსხვილი შესყიდვები და ფინანსები: მოერიდეთ ძვირადღირებული ტექნიკის ან უძრავი ქონების შეძენას. თუ ამ ტრანზაქციას უკურსო მთვარის საათებს დაამთხვევთ, კრიტიკულად იზრდება იმის რისკი, რომ ნივთს ფარული დეფექტი აღმოაჩნდეს ან ინვესტიციამ თქვენი მოლოდინი არ გაამართლოს. ამ პერიოდში მსხვილი კაპიტალდაბანდება ფინანსური რულეტკის თამაშს ჰგავს, ამიტომ სჯობს, გონივრული პაუზა აიღოთ და ფული დაზოგოთ.
- ბიზნესი და იურიდიული საქმეები: არანაირი ახალი კონტრაქტი, გასაუბრება ან კომპანიის რეგისტრაცია. დოკუმენტებში აუცილებლად გაიპარება საბედისწერო შეცდომა.
- პირადი ურთიერთობები: ნუ დანიშნავთ პირველ პაემანს. უკურსო მთვარეზე დაწყებული ნებისმიერი კომუნიკაცია ზუსტად ისევე აორთქლდება, როგორც დაიწყო — ყოველგვარი შედეგის გარეშე.
- გეგმური მედიცინა: თუ საკითხი სასწრაფო არ არის, მოერიდეთ სერიოზულ ჩარევებსა და ანალიზების ჩაბარებას, რადგან დიაგნოსტიკური ცდომილების რისკი კრიტიკულად მაღალია.
რა არის სასარგებლო ამ ვაკუუმში? ეს პერიოდი იდეალური საჩუქარია მათთვის, ვისაც პროცესების შენელება და „ჩრდილში ყოფნა“ სჭირდება.
- რუტინა და დასრულება: საუკეთესო დროა დაგროვილი, მოსაწყენი საქმეების მოსაშორებლად. დაალაგეთ არქივი, დაასრულეთ ძველი პროექტები, აკეთეთ ის, რასაც ინტელექტუალური დაძაბვა არ სჭირდება.
- კონფლიქტის გაყინვა: თუ ვინმესთან დაძაბულობა გაქვთ, ამ საათებში დაწყებული კამათი მალევე ჩაქრება, რადგან მას ენერგეტიკული საწვავი უბრალოდ არ ექნება.
- პასიურობა და რესურსის აღდგენა: მიეცით გონებას დასვენების უფლება. ყველაზე საღი და გენიალური იდეები სწორედ მაშინ იბადება, როცა სისტემას „გადატვირთვის“ საშუალებას აძლევთ.”, – წერს რამაზ გიგაური.
