ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებული პოსტით საზოგადოებას რჩევებს აძლევს კორონავირუსთან დაკავშირებით და პასუხს სცემს ერთ-ერთ მთავარ შეკითხვას, როდის იქნება საჭირო საყოველთაო იზოლაცია.
„სერიიდან – ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით.
როდის იქნება საჭირო საყოველთაო იზოლაცია?
– ხშირად ისმის კითხვა, თუ რატომ არ ცხადდება საყოველთაო იზოლაცია/კარანტინი, არ იკეტება ყველა დაწესებულება და საზღვრები.
ამ გადაწყვეტილების მიღება, ცხადია, შესაბამისი უწყებების პრეროგატივაა, თუმცა ჩემი, როგორც რიგითი ინფექციონისტის და ეპიდემიოლოგის აზრით, ამის საჭიროება შეიძლება დადგეს ისეთ სიტუაციაში, თუ ინფიცირებულთა კონტაქტების და წყაროს იდენტიფიცირება მასიურად აღარ იქნება შესაძლებელი, ანუ დიაგნოზი დაისმევა პაციენტებში, სადაც ვერ მოხდება გარკვევა, სად მოხდა ინფიცირება და ვისთან იყო კონტაქტები. ამჟამად ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ინფიცირების წყაროც და კონტაქტებიც მეტ-ნაკლებად იდენტიფიცირებადია და ეპიდემიოლოგები ახერხებენ მათ გამოვლენას.
იქნებ, სანამ საყოველთაო კარანტინს გამოგვიცხადებს შესაბამისი უწყება (და იმედი მაქვს ამის საჭიროება არ შეიქმნება), თვითკონტროლის მექანიზმებიც ჩაგვერთო? ძალიან რთულია ერთბაშად ყველაფრის დახურვა და საზღვრების სრული ჩაკეტვა. სათქმელად ადვილია და ჩვენი ტიპის სახელმწიფოსთვის, რომელიც ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, სულ მოკლე ხანში სრული დეფიციტი შეიქმნება.
დაცარიელებული მაღაზიების და აფთიაქების დანახვაზე წარმოდგენილი მაქვს, რა პანიკა დაიწყება და პირველ რიგში, ზუსტად ისინი აწუწუნდებიან, ვინც ახლა თავგამოდებით მოითხოვს საზღვრების ჩაკეტვას.
ამიტომ სანამ ასეთი რადიკალური ზომების მიღებას მოვითხოვთ, იქნებ, ინდივიდუალურ დონეზე ვცადოთ შევამციროთ არაა უცილებელი კონტაქტები და მოგზაურობები? მაგალითად, არ გვიწყინონ ჭირისუფლებმა და პანაშვიდები/გასვენება შემოიფარგლოს ოჯახის ახლობლებით და ახლო ნათესავებით, არ მოვაწყოთ მრავალრიცხოვანი შეკრებები რესტორნებში, არ იყოს გადავსებული კაზინოები და ა.შ.
სხვა მხრივ კი, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად და ზედმეტი ვნებათაღელვის გარეშე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და აქტივობები“.
ფოტო: neolab.ge