ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ლევან ბერძენიშვილს სოლიდარობას უცხადებს.
ამის შესახებ გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სტუდენტობიდან მოყოლებული ბერძენიშვილის თაყვანისმცემელია.
“მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. განსაკუთრებულად და გამორჩეულად. სახალხო კომისრების მოწყობილი რეპრესიები და კოლექტიური თავდასხმები ძალიან მძიმე საყურებელია, მაგრამ როგორმე გავუძლებთ… მიგულეთ თქვენს მხარდამჭერთა მრავალრიცხოვან რიგში! სტუდენტობიდან მოყოლებული, თქვენი დიდი თაყვანისმცემელი,” – წერს ინგა გრიგოლია.
ცნობისთვის, ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას, საზოგადოებაში დიდი განხილვა მოჰყვა.
გაჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ხელმოწერების შეგროვებას ცდილობს მოთხოვნით, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა, რამაც თავის მხრივ, ბერძენიშვილის გულშემატკივართა მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება დაიმსახურა.
ამასთან, გუშინ, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან აქცია გაიმართა.
რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა:
„სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითდეხბოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?
