პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სოფლებში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სოფლები დაიცალა და აუცილებელია, რომ უცხოეთში მყოფი ქართველების დასაბრუნებლად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„ამ დღეებში მე ერთ-ერთ პატარა სოფელში ვიყავი, საიდანაც იმ ქალების თითქმის 80%, ვისაც მუშაობა შეუძლია, სამუშაოდაა წასული. ახალგაზრდებიც ფაქტობრივად არ არიან. გარდაცვლილის კუბო რომ წაიღონ, მაგდენი ადამიანიც კი არ არის. სოფლები დაიცალა. ამ დროს კი ჩვენ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ.
ვაკეთებთ გზებს, შეგვყავს გაზი, ელექტროენერგია და წყალი. ამას ვისთვის ვაკეთებთ, თუ მოსახლეობა არ გვეყოლება?
ჩემთვის დღეს ყველაზე მთავარი რაც არის, მე ასე მიმაჩნია, მოსახლეობის სოფლად დამაგრების პრობლემაა. ეს უმნიშვნელოვანესია. სოფელი გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. შობადობის გაზრდა და ოჯახების ხელშეწყობა. ასევე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და ამისთვის ყველაფრის გაკეთება. სხვანაირად არაფერი გამოგვივა და საქართველო ხვალ უმძიმეს მდგომარეობაში იქნება.
