უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ექს-პრემიერის მხრიდან მისი მისამართით არანაირი კრიტიკა არ გამოთქმულა.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველას დიქტატით ელაპარაკება. ეს ასე არის. ჩვენთან მიმართებაში ეს არადროს ყოფილა. მართალია, ჩვენ არ ვართ პარტია „ქართული ოცნების“ წევრები და იქ, ალბათ, სხვა ორგანიზაციული და დისციპლინარული წესებია. ჩვენი ფრაქცია საკმაოდ ხშირად ვხვდებით ივანიშვილს და ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ გვაღელვებს. არ უნდა გქონდეს ისეთი წარმოდგენა, რომ ვიღაცას ხელის ერთი დაკვრით შეუძლია შეცვალოს რაღაცები ჩვენს ქვეყანაში. ის ცვლილებები, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციურიც კია. ამას ძალიან სერიოზული ცვლილებები სჭირდება, შეიძლება ვიღაცას ამის გაკეთების განწყობაც ჰქონდეს, თუმცა გარკვეული ფაქტორების გამო ვერ მოახერხოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხები საზოგადოების მსჯელობის მთავარ საკითხებად ვაქციოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი შეხვედრა შეიცვალოს. რაც შეეხება ზოგადად სამართლიანობის საკითხებს და სასამართლოს რეპუტაციის საკითხებს, რა თქმა უნდა, მოსამართლე დამოუკიდებელი უნდა იყოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, მაგრამ, ამავე დროს, მოსამართლეების უდიდეს უმრავლესობას სამართლიანი ადამიანების რეპუტაცია უნდა ჰქონდეს. ამ მიმართულებით ჩვენი პოზიცია შემთხვევითი არ იყო“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
გია ჟორჟოლიანი ერთ-ერთია უმრავლესობის იმ წევრებიდან, რომლებმაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე ეკა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს. ბოლო დღეების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატს სათითაოდ ხვდება.