10-წლიანი პაუზის შემდეგ ირაკლი ფირცხალავა მეგობრებთან ერთად „ივენთ ჰოლში“ კონცერტს გამართავს. ის საქველმოქმედო მიზნებითაა თბილისში ჩამოსული. კონცერტის სახელწოდება გახლავთ „მე, შენ, ჩვენ – ერთად სიცოცხლისთვის“.
რადიო „ფორტუნას“ საიტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რამდენიმე ხნის წინ, მომღერალმა განაცხადა:
„პირველი კონცერტი, რომელიც აქ გავმართე, პერეანშლაგით ჩატარდა და დიდი წარმატებით, სპორტის სასახლეში. მას შემდეგ, მგონი, 10 წელი გავიდა… „ვარსკვლავების ფაბრიკის“ შემდეგ ჩამოვედი, ეს მახსოვს. მაშინ გადავწყვიტეთ, მახათას მთაზე მონასტრის მშენებლობისთვის გადაგვერიცხა კონცერტიდან შემოსული თანხის 10%. ეს გადაწყვეტილება ნატო დუმბაძესა და დათო ოქიტაშვილთან ერთად მივიღე, ისინი იყვნენ კონცერტის ორგანიზატორები. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა საქველმოქმედო მიზნებისთვის გავეცი თანხა საქართველოში, თუკი არ ჩავთვლით სხვადასხვა დროს ბავშვთა სახლების მონახულებას
ახლახან მოსკოვში ჩემი ალბომის პრეზენტაცია და საქველმოქმედო კონცერტი გავმართე, ჩულპან ხამატოვას ფონდთან ერთად – „აჩუქე სიცოცხლე“. ეს ფონდი დიდი ხანია, არსებობს და მას ძალიან ვენდობი. საქართველოშიც გადავწყვიტე ამ ტიპის ღონისძიების გაკეთება, თბილისში ჩემი ალბომის პრეზენტაციასთან ერთად მინდა, საქველმოქმედო საქმიანობაც განვახორციელო.
გვაქვს მოლაპარაკებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელ პატარას სჭირდება ყველაზე მეტად ამ ეტაპზე დახმარება და ბილეთებიდან შემოსული თანხით, სწორედ მას დავეხმარებით…“