„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო შვედურ მხარეს – რასაკვირველია, ზოგადად, მადლობლები ვართ, რომ საქართველოს მიმართ ყურადღებას გამოხატავთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი შეშფოთება, რომელიც არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ნებისმიერი პროცესი, რაც თქვენი შეშფოთების მიზეზად შეიძლება იქცეს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია. მეორე მხრივ, საქართველოს, როგორც თქვენს პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს და მის მმართველ გუნდს ნამდვილად გვაქვს შეშფოთების მიზეზი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება.
იქნებ დაგვეხმაროთ და განგვიმარტოთ, თქვენს მსგავსად, ჩვენც შეცდომაში ვართ შეყვანილი, თუ თქვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს ის პრობლემები და გამოწვევები, რაზეც ხმამაღლა მიდის საუბარი? მაგალითად, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად, შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა. გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. ასევე, შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ, თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად.
თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ, დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას.
დასასრულ, აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კირცხალიამ.
