LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე : „ბიძინა ივანიშვილმა  მოგვცა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი”

134
ირაკლი კობახიძე საერთო სახალხო შეკრება

„ბიძინა ივანიშვილმა  მოგვცა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს სჭირდება გამარჯვების გზებზე სიარული და ეს აუცილებლად ასე იქნება. ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა თითოეულ ჩვენგანს ქვეყნისთვის თავდადების, ჰუმანურობის, პრაგმატულობის და მოთმინების მაგალითი. მან მოგვცა უანგარო პატრიოტობისა და ეროვნული საქმის კეთების მაგალითი. მოგვცა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაიღო მაქსიმუმი შენი ქვეყნის იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი. საქართველოს ერთგულება და ეროვნული საქმე არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილმა ვერ პატიობენ ამ ქვეყნის დამონებისა და დაჩაგვრის მოსურნე ადამიანები. მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. მადლობა მას იმისათვის, რომ სწორედ მშვიდობითა და ეკონომიკური წინსვლით გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა” – განაცხადა პრემიერმა.

„კონკრეტულ გავლენიან ძალებს ევროკავშირი წარმოუდგენიათ, როგორც არასუვერენული, სუსტი სახელმწიფოების ერთობა, რომლებიც დაცლილი უნდა იყვნენ ყოველგვარი იდენტობისგან და ღირებულებებისგან, თუმცა, სინამდვილეში, ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძლიერი, თუ ის გააერთიანებს სუვერენულ სახელმწიფოებს – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო.

„ძალიან ამაღელვებელია ამდენი გულანთებული ადამიანის წინაშე გამოსვლა. მინდა, მოგესალმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, მშვიდობიანი განვითარებისა და ღირსეული ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, რომლებიც დღეს აქ ხართ შეკრებილნი!

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ქართულ საზოგადოებას აქვს მყარი ღირებულებები. და ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

კონკრეტულ გავლენიან ძალებს ევროკავშირი წარმოუდგენიათ, როგორც არასუვერენული, სუსტი სახელმწიფოების ერთობა, რომლებიც დაცლილი უნდა იყვნენ ყოველგვარი იდენტობისგან და ღირებულებებისგან. თუმცა, სინამდვილეში, ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძლიერი, თუ ის გააერთიანებს სუვერენულ სახელმწიფოებს; თუ ის გააერთიანებს ღირსეულ სახელმწიფოებს, სადაც სათანადო პატივს სცემენ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას, საზოგადოების მორალურ ღირებულებებს.

მჯერა, რომ საქართველოს, როგორც ღირსეულ სახელმწიფოს, რომელსაც მისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად ესმის დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის ფასი, შეუძლია განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ევროპული სუვერენიტეტისა და ღირებულებების განმტკიცებაში, ევროკავშირის, როგორც სუვერენული და მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობის აღორძინებაში,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს.

„იგივე ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ევროპული ღირებულებების დაკნინებას ცდილობენ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროპულ ოჯახში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს და ტრადიციულ ღირებულებებს კართან დავტოვებთ; თუ დავთმობთ მორალს, ეკლესიას და სარწმუნოებას; თუ დავთმობთ დემოკრატიას და სამართლის უზენაესობას; თუ დავთმობთ დემოკრატიულ არჩევნებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას; თუ დავთმობთ ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფუძნა.

როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს. ამიტომ, საქართველოს აქვს სრული უფლება, ჩვენ სახლში შემოსვლამდე ევროკავშირს ჩვენი სუვერენიტეტისა და ღირებულებების პატივისცემა მოვთხოვოთ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი ამომრჩეველს მოუწოდებს, ოქტომბერში თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე უკეთესად გაიაზროს:

„ყველა იმ ამომრჩეველმა, რომელმაც 2021 წელს ხმა მისცა „ნაცმოძრაობას“, ხაზარაძის ან გახარიას პარტიას, „გირჩს“ ან სხვა რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, ხმა მისცა არეულობას და მეორე ფრონტს საქართველოში. თითოეულ ამ ამომრჩეველს მოვუწოდებ, ოქტომბერში თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე უკეთესად გაიაზროს“ – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები