LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის, ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას“

123
ირაკლი კობახიძე

„ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2025 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პროგრამების, პროექტებისა და შესყიდვების შედეგიანობის შეფასება, შესრულების მონიტორინგი და სახელმწიფო რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.

„ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.

ამ მიმართულებით განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის მიხედვით, 2025-2026 წლებში პირდაპირი ეკონომიკისა და ტენდერების ოპტიმიზაციის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 390 მილიონზე მეტი დაიზოგა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმითვე, ეფექტიანობისა და რესურსების ოპტიმალური მართვის პრინციპები ფართოდ ინერგება სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროშიც.

„მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2025 წლიდან განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა ჯამურმა დანაზოგმა 845 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის როგორც ადმინისტრაციული და საკადრო ხარჯების, ისე პროექტებისა და შესყიდვების ოპტიმიზაციის გზით. მათ შორის, 2 422 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა წლიურმა დანაზოგმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან სხვადასხვა პროექტების, სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელშეკრულებო პირობების გადახედვისა და გაუმჯობესების შედეგად დამატებით 785 მილიონი ლარის ეკონომია გახდა შესაძლებელი.

პრაქტიკული ნაბიჯების პარალელურად, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც გააძლიერა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობა, კონკურენტუნარიანობა და ეფექტიანობა. ახალი მექანიზმები ხელს უწყობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო აქტიურ მონაწილეობას, ისე სახელმწიფო სახსრების უფრო პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ მართვას“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები