LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ნადარეიშვილი – ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და მოგვიანებით წილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში

126
00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ორგანიზებულ სემინარზე, რომელიც აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსების მოდელებს შეეხებოდა, სიტყვით გამოვიდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო სექტორისთვის, რომელიც საქართველოს ეკონომიკის თითქმის 60 პროცენტს წარმოადგენს და ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

„შევქმენით მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც, ძირითადად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე ხორციელდება და მცირე და საშუალო სექტორს უზრუნველყოფს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის როგორც ტრადიციული, ასევე ალტერნატიული ინსტრუმენტებით,“ – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 900 მლნ ლარზე მეტი გამოიყო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა საკრედიტო საგარანტიო სქემა, სესხის პროცენტის თანაგადახდა, ექსპორტის მხარდაჭერა, ტექნიკური დახმარება და სხვა. ამ პერიოდის განმავლობაში ხელი შეეწყო 12 000-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის პროექტს და შეიქმნა თითქმის 70 000 სამუშაო ადგილი.

„მიმდინარე წელს, სამინისტროს ინიციირებით, სააგენტო რამდენიმე ახალი მიმართულებით მუშაობს. მაგალითად, დაიწყება ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის პროგრამა მცირე და საშუალო სექტორისთვის. ჩამოყალიბდება SME ზრდის ფონდი, რომელიც ინვესტირებას განახორციელებს აღნიშნულ სექტორში წილობრივი კაპიტალის მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია საბრუნავი კაპიტალის ახალი ინსტრუმენტების გაჩენა, რასაც ერთობლიობაში წარმოადგენს ე.წ. Asset Based Financing პლატფორმა. ეკონომიკის სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტებისა და კერძო სექტორის ჩართულობით, მუშაობს, რათა უახლოეს პერიოდში დაინერგოს და ხელმისაწვდომი გახდეს მთელი რიგი ალტერნატიული ინსტრუმენტები, როგორიცაა, მაგალითად, ფაქტორინგი. პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება ახალი კანონი ფაქტორინგის შესახებ. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ეკოსისტემა, რომელიც წარმოადგენს ფინანსური ინსტრუმენტების ერთობლიობას, გახდეს უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები