LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინებათ

169
buta-robaqiZe-1519638036-1024x682

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინებათ. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, მათ ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინებათ.

ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება

ნახევარმილიონიანი გირაოს შეთავაზებისა და ცნობილი ტელეწამყვანების თავდების მიუხედავად, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:

2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა გააჩერეს „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.მომხდარი ფაქტის თობაზე, იმავე ღამით, ინფორმაცია მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილმა, მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და მასთან ერთად მანქანაში მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.

ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულნი იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები: გ.ქ., ი.მ., კ.ა., ლ.დ. და ა.ბ. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად გამოცხადდა გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე.

ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდების შესახებ დადგენილება წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან ზურაბ ადეიშვილი თავს არიდებს ქართულ მართლმსაჯულებას, ბრალდების შესახებ დადგენილება გადაეცემა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g