ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სოციალურ ქსელებში კიმ კარდაშიანის პოპულარობის ზრდით შეშფოთებულია, ინფორმაციას გამოცემა Vanity Fair ავრცელებს.
გუშაგთა კორპუსი დარწმუნებულია, რომ კარდაშიანი „ინსტაგრამზე“ საიდუმლო მისიით მუშაობს – მას ევალება გოგონებს საკუთარი ფოტოებით თავს მოახვიოს ცხოვრების ისეთი სტილი, რომელიც ისლამის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელმა მუსტაფა ალიზადემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ კარდაშიანის ქმედებებს „მესამე პირები აფინანსებენ“.
„ჩვენ პრობლემას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ,“ – აღნიშნა ალიზადემ.
ამასთან, ირანში მიმდინარეობს ოპერაცია „ობობა II”, რომლის ფარგლებშიც სჯიან ყველას, ვინც „დასავლური გარყვნილი კულტურის“ პროპაგანდას ეწევა. ქვეყანაში უკვე დააკავეს „დამნაშავეები“, რომლებიც სოციალურ ქსელებში „ამორალურ“ ფოტოებს ავრცელებენ, მათ შორის არის ირანელი მოდელი, რომელმაც „ინსტაგრამზე“ თავსაბურავის გარეშე გადაღებული ფოტო განათავსა.
