LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაში საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო

60
რეზოლუცია ირანზე გაეროში

გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა, ირანში, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.

16 ნოემბერს მიღებული რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ირანში სიკვდილით დასჯის საგანგაშოდ მაღალი სიხშირის გამო.

გარდა ამისა, ის მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს გადაჭარბებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ირანში საპროტესტო აქციები მაჰსა ამინის დაპატიმრების და სიკვდილის შემდეგ ტარდება.

ირანში, საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 58 ბავშვი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ გასულ კვირას უსაფრთხოების ძალებმა 5 ბავშვი მოკლეს, მათ შორის 9 დ 13 წლის ორი ბიჭი.

გაეროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, რეზოლუციის პროექტი 80 ხმით 28-ის წინააღმდეგ მიიღეს. 68 ქვეყანამ თავი შეიკავა.

 

ფოტოზე ნაჩვენებია ხმის მიცემის შედეგები: [მწვანე] ხმა რეზოლუციის სასარგებლოდ, [ყვითელი] თავი შეიკავა; [წითელი] მხარი არ დაუჭირა.

 

პროექტი დაგმო ირანის წარმომადგენელმა, რომელმაც რეზოლუციის თანასპონსორები, მათ შორის, კანადა, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ისრაელის რეჟიმი და გერმანია ფარისევლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები სისასტიკის, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მიუხედავად, ადამიანის უფლებების დაცვას ქადაგებენ.

ფოტოზე ნაჩვენები მონაცემების თანახმად, საქართველოს რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.

გარდა ამისა, გაეროში, ადამიანის უფლებების შესახებ [შენიშნვა: განმარტებულია სხვადასხვა ქვეყნების მოცემულობით] რეზოლუცია ირანის გარდა, მიანმარის, სირიის, კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკისა და ყირიმის შესახებაც მიიღეს.

აღნიშნულ თემაზე დეტალების დასაზუსტებლად „ფორტუნა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ საკითხის მოძიების ეტაპზე არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები