LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

132
Screenshot 2023-11-16 000427

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამენ, – ამის შესახებ აღნიშნულია IRI-ის 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გამოკითხულები შეშფოთებულები არიან საქართველოში რუსი ემიგრანტების გამო და თვლიან, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის მაღალი დონეა.

კითხვაზე თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 77% რუსეთს ასახელებს.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით და რეგიონში აგრესიული მოქმედებების გამო, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფრთხედ აღიქვამს“, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

კვლევის თანახმად, ქართველები ცალსახად შეშფოთებულები არიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით. გამოკითხულთა 73% თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში, უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა საზოგადოების პოლარიზაციისკენ არის მიმართული.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემისას, ევროკომისიამ ხაზი გაუსვა დამატებით ნაბიჯებს რომელიც უნდა გადაიდგას ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად. დღესდღეობით უფრო მეტი სამუშაო არის გასაწევი მთავრობის ყველა დონეზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის და პარლამენტში იმისთვის რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას“,- განაცხადა სტივენ ნიქსმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები