LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების მიზნით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

361
ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების მიზნით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების მიზნით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ირინე წაქაძე სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მონაწილეებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილემ, ყურადღება გაამახვილა, საქართველოში, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ნორმები ორიენტირებულია ბავშვთა მიტოვების პრევენციასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფაზე.

„ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთელი რიგი პროცედურები, რომელიც ხელს უწყობს უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, ფუნქციონირებს 24-საათიანი გადაუდებელი რეაგირების მექანიზმი, რომლებიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებზე სწრაფ რეაგირებას, ასევე – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვის მექანიზმებს.

2022 წლიდან, ზრუნვის სააგენტოში ფუნქციონირებს ფსიქოლოგიურ-სოციალური სერვის ცენტრი.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაცია და ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარება, წლების განმავლობაში, სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებაა“, – განაცხადა ირინე წაქაძემ.

მინისტრის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს ხედვებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში, ირინე წაქაძემ თემატურ შეხვედრებსა და სხვა პანელურ დისკუსიებშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა, საკუთარ გამოცდილებაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

კონფერენციას ასევე ესწრებოდა კოლუმბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქალაქი ბრაზილია), ზურაბ მჭედლიშვილი.

მინისტრთა პირველი გლობალური კონფერენცია, ბოგოტაში, კოლუმბიის რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება მსოფლიოს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების, ბავშვთა მიმართ ძალადობის შეწყვეტის, სახელმწიფო ვალდებულებების განახლების, ასევე – აღნიშნულ საკითხებში ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობის და საბოლოოდ, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების მიზნით გაიმართა. კონფერენცია შვედეთის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მხარდაჭერით ჩატარდა.

magti 5g